თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათისა და ლენტეხის რაიონების სოფლების ენერგომომარაგება სტაბილური გახდება

როგორც  ”ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, მიმდინარე თვეში თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათისა და ლენტეხის რაიონებში რამდენიმე სოფლის ენერგომომარაგება უფრო სტაბილური გახდება.

კომპანიის ინფორმაციით, "აბონენტების ენერგომომარაგების გასაუმჯობესებლად სს "ენერგო-პრო ჯორჯია" ინტენსიურად განაგრძობს გამანაწილებელი ქსელის სარეაბილიტაციო პროექტებს. კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მიმდინარე თვეში თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათისა და ლენტეხის რაიონებში რამდენიმე სოფლის ენერგომომარაგება უფრო სტაბილური გახდება. ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ტყიბულის რაიონში არსებულ 6/10 კვ ფიდერებზე, რომლებიც ელექტროენერგიას აწვდიან ქ. ტყიბულს და სოფლებს - საწირე, ძიროვანი, დაბაძველი, მანჭიორი, ბზიაური, მექვენასა და ონჭეიშს. სულ 1450-მდე აბონენტს. ზამთრის პერიოდში, უამინდობისას ამ გადამცემ ხაზებზე წარმოქმნილი დაზიანებები მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას იწვევდა. ავარიული მონაკვეთების რეაბილიტაციის ფარგლებში აღნიშნულ ფიდერებზე ამორტიზებული საყრდენები იცვლება", - აცხადებენ კომპანიაში.

გარდა ამისა, მათივე განმარტებით, თერჯოლის მომსახურების ცენტრში მიმდინარეობს 10 კვ გადამცემი ხაზის "ნაგარევის" რეაბილიტაცია. უკვე დამონტაჟდა 11 რკინა-ბეტონის საყრდენი, რითაც ხაზის 600-მეტრიანი ავარიული მონაკვეთის გაჯანსაღება მოხდა. გრძელდება სხვა ავარიული მონაკვეთების რეაბილიტაცია. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ ნაგარევის 400-ზე მეტი აბონენტის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება.

"სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ბაღდათის რაიონის სოფელ დიმის მკვებავ ფიდერ "კალინინზე" (676 აბონენტი) და ფიდერ "მელეზე", რომელიც ლენტეხის რაიონის 6 სოფლის 300-მდე აბონენტს აწვდის ელექტროენერგიას. ორივე ფიდერზე კომპანიის ტექნიკურმა პერსონალმა 24 ახალი საყრდენი დაამონტაჟა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს "ენერგო-პრო ჯორჯია" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ყველა მომსახურების ცენტრში ახორციელებს, რაც უპირველესად აბონენტების ხარისხიან ენერგომომარაგებას ისახავს მიზნად", - განმარტავენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".