ირაკლი კოვზანაძე - მაღალი საპროცენტო განაკვეთები კომპლექსური თემაა, ნუ შევხედავთ ამ პრობლემას ცალმხრივად

"სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა”, რომლის განხორციელებასაც მთავრობა გეგმავს, უდავოდ მნიშვნელოვანი პროექტია ეკონომიკის წახალისებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ახალი სამთავრობო ინიციატივის შესახებ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში მრავლადაა ინოვაციური, ჯანსაღი, პოტენციურად რენტაბელური და სიცოცხლისუნარიანი ბიზნესპროექტი, რომლის განხორციელებასაც ხელს უშლის ფინანსურ რესურსებზე გართულებული წვდომა და კაპიტალის დეფიციტი.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც ჭარბი ლიკვიდობაა, ჭარბი ფულია და, შესაბამისად, ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთებია, სტარტაპ-ბიზნესის დაფინანსებაში კომერციული ბანკების წილი მინიმალურია მაღალი რისკების გამო.

„მთავრობის ინიციატივა უდავოდ საინტერესოა. დაველოდოთ იდეის ფურცელზე გადატანას, დოკუმენტად ქცევას, მისი განხორციელების კონკრეტული მექანიზმების და დეტალების წარმოდგენას. თუმცა მე, როგორც 25-წლიანი სამუშაო გამოცდილების ფინანსისტი, ერთს ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაზე უფასო არაფერი არ არის, მითუმეტეს, არ არსებობს უფასო ფინანსური რესურსი. ის შეიძლება უფასო იყოს კონკრეტული სტარტაპერისათვის, კონკრეტული ბიზნესმენისათვის, მაგრამ მის ფასს იხდის ვიღაც სხვა, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო, ანუ, გადასახადის გადამხდელი და თითოეული ჩვენგანი. ასე რომ, დაველოდოთ თავად პროექტს და შემდეგ ვიმსჯელოთ მასზე“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რამდენად იზიარებს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის მოსაზრებას, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია, ირაკლი კოვზაძემ განაცხადა: „მოდით, ციფრებით ვისაუბროთ: კომერციული ბანკების ჯამური სააქციო კაპიტალი შეადგენს, დაახლოებით, 4.6 მლრდ ლარს, რისი 90%-იც ქვეყანაში მოზიდული უცხოური კაპიტალია. საბანკო სისტემას ეროვნულ ეკონომიკაზე, დაახლოებით, 21 მილიარდი ლარის სესხი აქვს გაცემული, ანუ, ბანკების მიერ მშენებლობის, ვაჭრობის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა თუ განათლების სექტორების დაფინანსების მოცულობა ქვეყნის მშპ-ს ნახევარს აჭარბებს. სესხები გაცემულია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე. სწორედ საბანკო კრედიტების ხარჯზე შექმნილია ასობით ათასი სამუშაო ადგილი. თავად საბანკო სისტემაში დასაქმებულია და საკუთარ ოჯახს არჩენს 25 ათასი ჩვენი თანამემამულე. ესაა რეალობა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და წარმატებულია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით.

„ბოლო წლების განმავლობაში სესხის საპროცენტო განაკვეთები მცირდება, თუმცა, ჯერ კიდევ მაღალია, რაც დამახასიათებელია განვითარებადი ეკონომიკისათვის. საქართველოში ევროპასა თუ აშშ-სთან შედარებით, მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, მაგრამ ასევე მაღალია რისკები და მოგების მარჟაც. ძვირი სესხები კომპლექსური თემაა, ნუ შევხედავთ ამ პრობლემას მხოლოდ ცალმხრივად“, - აღნიშნა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.