ხის კარკასისგან დამზადებული ასაწყობი კოტეჯები ბაზარზე 2017 წლის ბოლოს გამოჩნდა.
ქართული ბრენდი kote.ge კოტეჯების ადგილზე მიტანას და აწყობას უზრუნველყოფს.
ბრენდის პირველი თაობის კოტეჯის ღირებულება 5000 ლარს შეადგენს და მისი ფართობი 9 კვადრატული მეტრია.
აქამდე კომპანია kote.ge უცხოელ პარტნიორებთან ერთად უშვებდა ასაწყობ კოტეჯებს, თუმცა როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ესვანჯიამ „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას განაცხადა, კომპანია კოტეჯების გამოშვებას დამოუკიდებლად აპირებს.
„ამ ეტაპზე კომპანია კოტეჯებზე შეკვეთებს არ იღებს. აქამდე ჩვენ ამ კოტეჯების გამოშვებას პარტნიორ კომპანიებთან ერთად ვაკეთებდით. ახლა გვინდა, რომ დამოუკიდებლად გამოვუშვათ. ამ ეტაპზე ვარჩევთ შესაფერის დანადგარებს. გვინდა, რომ დამოუკიდებელი წარმოება გავაკეთოთ და მომხმარებელს სრული სერვისი შევთავაზოთ.
ბაზარზე ფასები ძალიან ცვალებადია, რაც სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ფასებიც ამის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა ჩვენი წარმოების შემთხვევაში ფასების მინიმალიზება მოხდება. პროდუქტის ღირებულება 10-15 პროცენტამდე გაიაფდება,“ - განაცხადა ესვანჯიამ.
მისი თქმით, ასაწყობი კოტეჯებით დაინტერესებულები არიან როგორც კერძო პირები, ასევე კომპანიები.
„ძირითადად დაინტერესებული ადამიანები არიან ისინი, ვისაც შემდეგ ამ კოტეჯების გაქირავება სურთ. სხვადასხვა რეგიონებიდან გვიკავშირდებიან, ძირითადად მესტიიდან, ბაკურიანიდან, ყაზბეგიდან, გონიოდან. ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც კერძო პირები, ასევე კომპანიები. გარდა ამისა, ორი შემთხვევა გვქონდა, რომ უცხოეთიდან დაგვიკავშირდნენ, კერძოდ თურქეთიდან და რუსეთიდან“, - აღნიშნა ესვანჯიამ.
kote.ge -ს ძირითადი კონსტრუქცია სტრუქტურული და იზოლირებული სენდვიჩ პანალებისა და მათ შიგნით მოთავსებული უმაღლესი ხარისხს მშრალი ხის კარკასისგან მზადდება. კოტეჯი 7 ნაწილისგან შედგება და ასაწყობად 25 წუთი სჭირდება. შესაძლებელია კოტეჯების მრავალჯერ დაშლა აწყობა და სხვა ადგილზე გადატანა.
„მიწიდან დაახლოებით 20 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. იმ შემთხვევაში თუკი ნესტიანი ჰავაა, უმჯობესია ეს დაშორება 40-50 სმ იყოს. კედლები გარედან 5 წელიწადში ერთხელ ახლიდან უნდა შეიღებოს, ისეთი საღებავით, რომელიც წყლისგან დაიცავს. 9 კვადრატული ესაა ფართობი, რითიც დავიწყეთ, იმიტომ რომ ჯერ მაინც ახალი დაწყებულია და გვინდა რომ პროდუქტი კარგად მოვირგოთ. შემდეგ უკვე სტანდარტულ ზომებს გავზრდით და ინდივიდიალურ შეკვეთებსაც შევასრულებთ.“ - განაცხადა ესვანჯიამ.
ლიკა ამირაშვილი