მაღალმთიან რეგიონებზე საგადასახადო შეღავათების გავრცელება დისკრიმინაციულად ხდება. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ცნობით, 10 აპრილს, საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და საგადასახადო კოდექსში არსებული ჩანაწერის იმ ნორმატიული შინაარსის გაუქმება მოითხოვა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებზე საგადასახადო შეღავათების თანაბრად გავრცელებას ზღუდავს.
„საია იცავს მოქალაქე მელს ბდოიანის ინტერესებს, რომელიც აკმაყოფილებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, თუმცა საგადასახადო შეღავათებით ვერ სარგებლობს საგადასახადო კოდექსში არსებული დისკრიმინაციული ჩანაწერის გამო.
კანონის თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები პირი თავისუფლდება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადისგან. საქართველოს მთავრობის N671 დადგენილების თანახმად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი.
მოსარჩელე არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირი, თუმცა მასზე საგადასახადო შეღავათი არ გავრცელდა, რადგან იგი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს, ხოლო მისი მიწის ნაკვეთი ამავე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში მდებარეობს.
საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიდგომა კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას ეწინააღმდეგება. საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს. შესაბამისად, საია ასაჩივრებს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც მოითხოვს, რომ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის პირი იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობდეს, რომელშიც მიწის ნაკვეთს ფლობს,“- ნათქვამია საია-ს განცხადებაში.