რუსეთის ბაზარზე გარკვეული ქართული პროდუქციის შეტანა 26 მაისიდან აღდგება

რუსეთის ბაზარზე გარკვეული სახის ქართული პროდუქციის შეტანა მიმდინარე წლის 26 მაისიდან აღდგება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახური ("როსსელხოზნადზორი") ავრცელებს.

"როსსელხოზნადზორის" ცნობით, რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, ბალისა და ალუბლის, გარგარის, ატმის, ქლიავის, ხურმის, კივისა და კენკრის მიწოდება.

ამასთან, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ასევე აღდგება ქართული ახალი კარტოფილის შეტანა იმ პირობით, რომ პროდუქცია გარეცხილი და სამომხმარებლო შეფუთვაში იქნება.