ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს 8კმ-იანი საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3 მილიონ 663 ათას 116 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შ.პ.ს. საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია "სერპანტინი" ასრულებს.

"პროექტით გათვალისწინებულია: არსებული ბეტონის სადრენაჟე არხების გაწმენდა, არსებული მილების და ელექტროგადამცემი ბოძების დემონტაჟი და ახლების მონტაჟი, დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის ფრეზირება (დაზიანებული ასფალტის მოხსნა გზის საფარიდან და მისი განახლება), გზის საფუძველზე შემასწორებელი ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი მასალით, სავალი ნაწილის ზედა საცვეთი ფენის, გაბიონების, მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში განხორციელდება რეაბილიტირებული გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. ამ დროისათვის, მიმდინარეობს შემასწორებელი ფენისა და მილების მოწყობის სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის 4 აპრილს დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.

საავტომობილო გზა ფშაველი-აბანო-ომალო სტატეგიული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა. იგი იწყება სოფელ ფშაველის ტერიტორიაზე (საავტომობილო გზის ახმეტა-ყვარელი-ნინიგორი-ლაგოდეხის მარცხენა მიერთება 22-ე კმ-ზე) და მთავრდება სოფელ ლეჩურის ტერიტორიაზე. აღნიშნული გზა წარმოადგენს ერთადერთ დამაკავშირებელ გზას დაბა ომალოსთან და უნიკალურ ტურისტული მნიშვნელობის ტერიტორიებთან, შესაბამისად, გზა გამოიყენება, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე ტურისტული დანიშნულებით", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

მათივე განმარტებით, ბოლო წლებში დაფიქსირებულია ტურისტული ნაკადის მკვეთრი ზრდა. აღნიშნულ მიმართულებაზე რეაბილიტირებული მონაკვეთი გაივლის სოფელ ფშაველსა და ლეჩურს.