H&M-ის მორიგი „თავის ტკივილი“ - რა პრობლემები აქვს შვედურ ბრენდს

კომპანია Hennes & Mauritz AB-ს ახალი თავსატეხი გაუჩნდა. ამჯერად საქმე ეხება ონლაინ შეძენილი პროდუქციის დროულად მიწოდებას. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა შვედური კომპანიის „ფეისბუქის“ გვერდიდან, სადაც მომხმარებლებმა კომპანიას საყვედურებით მიმართეს. ერთ-ერთი მომხმარებლის განცხადებით, მისი ჩვილი მალე „დიდი გახდება“. სამოსი, როგორც ირკვევა, მან 26 დღის წინ შეუკვეთა. მეორე მომხმარებელი კი წერს, რომ 26 დღის წინ შეკვეთილი სამოსი უკვე მოდიდან გადავიდა.

როგორც კომპანიაში აცხდებენ, მათ კარგად იციან აღნიშნული პრობლემის შესახებ და აცხადებენ, რომ საქმე ეხება შვედეთის ქალაქ ბორასში მოქმედ სადისტრიბუციო ცენტრში წარმოქმნილ პრობლემას, რომელმაც გამოიწვია მიწოდების შეფერხება შვედეთსა და ნორვეგიაში, რომლებზეც თავის მხრივ, ონლაინ და ფიზიკური გაყიდვების 7% მოდის. კომპანიის სპიკერის კატერინა გუსტაფსონის განცხადებით, კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ მომხმარებლები მათ ამ შეფერხებას გაგებით მოეკიდებიან.

მიწოდების პრობლემა კი პირდაპირ ურტყამს კომპანიის სტრატეგიას, მეტი ყურადღება მიაქციოს ონლაინ გაყიდვებს და შეამციროს მაღაზიების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით. გუსტაფსონის განცხადებით, რესტრუქტურიზაციის შედეგად კომპანია გაყიდული ნივთის მიწოდების დროის შემცირებას გეგმავს.

აღნიშნულმა შეფერხებებმა შესაძლოა, კომპანიის გაყიდვებზეც იქონიოს გავლენა. როგორც ცნობილია, კომპანიის ოპერაციული შემოსავლები ბოლო ათწლიან მინიმუმამდე დაეცა, პროდუქციის რეალიზაციის პრობლემის გამო.

კოკა კვირკველია