Google-მა Apple-ს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის ტიტული წაართვა

Google -ის ღირებულება 40%-ით გაიზარდა და ახლა ის 159 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ერთ-ერთი უმსხვილესი ანალიტიკური კომპანიის Millward Brown -ის შეფასებით, ამერიკული კორპორაცია Google მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია.

შედეგების მიხედვით, Google -ის ღირებულება 40%-ით გაიზარდა და ახლა ის 159 მლრდ დოლარს შეადგენს. მაშინ როდესაც Apple-ი შესამჩნევად, 20%-ით გაიაფდა და ახლა მისი ღირებულება 148 მლრდ დოლარია.

რეიტინგში მესამე ადგილი კიდევ ერთმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ IBM-მა დაიკავა. კორპორაციის ბრენდის ღირებულება 4%-ით გაიაფდა და 107 მლრდ დოლარი შეადგინა, თუმცა ამის მიუხედავად კორპორაციამ შეძლო შარშანდელი პოზიციის შენარჩუნება.

კომპანია Microsoft-მა ასევე მოახერხა თავისი ადგილის შენარჩუნება, 90 მილიარდიანი შეფასებით Microsoft-ი Millward Brown -ის რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა.

ბრენდის ღირებულების ზრდის ტემპით რეკორდსმენები გახდნენ კომპანიები ტელესაკომუნიკაციო სექტორიდან. ანალიტიკოსთა შეფასებით, გასულ წელს ყველაზე მეტად გაძვირდა ჩინური კომპანია Tencent-ის სავაჭრო ნიშანი, რომელმაც ღირებულებას 97% შემატა და ახლა ბრენდის ღირებულება 53 მლრდ დოლარად ფასდება.

ამავე კატეგორიაში მოხვდა სოციალური ქსელი Facebook (36 მლრდ დოლარი 68%-იანი ზრდით). რეიტინგში პირველად მოხვდა მიკრობლოგი Twitter - მას 71-ე ადგილი ერგო და ბრენდი 14 მლრდ დოლარად შეფასდა.

მთლიანობაში, რეიტინგში შესული ასივე ბრენდის საერთო ღირებულება 2.9 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 12%-ითაა გაზრდილი.