მთავრობამ პროგრამა "აწარმოე საქართველოში" დაამტკიცა

მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" დაამტკიცა.

როგორც ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ განუცხადა, აღნიშნული პროგრამა მოიცავს მთელ რიგ მიმართულებებს, რომელიც ადგილობრივ წარმოებას განავითარებს.

"პროექტს ჰქვია "აწარმოე საქართველოში". ეს არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროექტი. მოგეხსენებათ, ამ პროექტს ახორციელებს ეკონიმიკის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. ეს არის კომპლექსური პროექტი, რომელშიც არის როგორც დაფინანსების ხელშეწყობის კომპონენტი, ასევე ტექნიკური ხელშეწყობის ნაწილი. ამ პროექტში გათვალისწინებულია მთელი რიგი როგორც აგრო, ასევე ინდუსტრიული მიმართულებები, რომელთა დაფინანსება და ხელშეწყობაც მოხდება, რათა ახალი საწარმოები შეიქმნას და დაფინანსდეს", - აღნიშნა შალვა ფიფიამ.

პროექტის - "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია 19 მაისს გაიმართა.