"უსაფრთხოება არის ის მინიმალური მოთხოვნა, რომლის გარეშეც ვერანაირი ეკონომიკური განვითარება ვერ იქნება სწრაფი და მდგრადი"

უსაფრთხოება არის ის მინიმალური მოთხოვნა, რომლის გარეშეც ვერანაირი ეკონომიკური განვითარება ვერ იქნება სწრაფი და მდგრადი, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, მისი დღევანდელი პოზიციის პირდაპირი კავშირი ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებასთან, ერთი შეხედვით, თვალსაჩინო არ არის, თუმცა უსაფრთხოების ფაქტორი ამ სექტორისთვის უმნიშვნელოვანესია.

"გვესმის, რომ საკმაოდ მწვავე გამოწვევების წინაშე მდგომ რეგიონში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ასევე კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორები, როგორიცაა ტურიზმი, ტრანზიტი, ენერგეტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოების თემებთან. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა იქნება შინაარსობრივი, პრაქტიკული და შედეგის მომტანი ორივე მხარისთვის. ჩვენ დღეს მოგიყვებით იმ რეფორმებზე, რომელსაც შს სამინისტროში ვახორციელებთ და მზად ვართ, თქვენ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, კავშირშია ის თუ არა თქვენს კონკრეტულ ბიზნესებთან ან ეკონომიკასთან, შეძლებისდაგვარად გავცეთ პასუხი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის და შს მინისტრის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, შეხვედრა მედიისთვის დაიხურა.