ჩინეთის მშპ მიმდინარე წლის პირველი მეოთხედის განმავლობაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,8%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ექსპერტების მიერ პროგნოზირებულ მონაცემს, - წერს CNBC.
ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკური ბიუროს წინასწარი ინფორმაციით, ჩინეთის მშპ 2018 წლის პირველ მეოთხედში 6,8%-ით არის გაზრდილი, რაც პროგნოზირებულ 6,6%-ზე მეტია. ქვეყნის ხელისუფლებამ მიმდინარე წელს მიზნად დაისახა ქვეყნის მშპ-ს ზრდა 6,5%-ის ფარგლებში.
გასულ წელს კი დაგეგმილი იყო 6,7%-იანი ზრდა, თუმცა რეალურმა ზრდამ 6,9% შეადგინა. კიდევ ერთი წლით ადრე 2016 წელს, კი ჩინეთის მშპ 6,5%-ით გაიზარდა.
ექსპერტები ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელებული ტემპების გამო შეშფოთებულნი არიან. ჩინეთის ხელისუფლება კი მათ პესიმიზმს არ იზიარებს და ამას „ახალ ნორმას“ უწოდებს, რომელიც თავის თავში ითვალისწინებს ხარისხიან ინტენსიურ განვითარებას და არა ექსტენსიური ზრდის სწრაფ ტემპებს.
კოკა კვირკველია