სავალუტო ფონდის მისიამ მეოთხე მუხლის კონსულტაციები და "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის მეორე მიმოხილვა დაასრულა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწიეს შეთანხმებას "გაფართოებულიდაფინანსების მექანიზმით" (Extended Fund Facility (EFF)) მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულების თაობაზე, რაც დასამტკიცებლად სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიმდინარე წლის ივნისში წარედგინება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მიმდინარე წლის 2-16 აპრილს თბილისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) მისია სტუმრობდა, ქალბატონი მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო 2018 წლის "მეოთხე მუხლის კონსულტაციების“ გამართვა საქართველოს ხელისუფლებასთან და "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის მეორე მიმოხილვის ჩატარება.

მისიის დასასრულ ქალბატონმა მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა შემდეგი:

"პროდუქტიული განხილვების შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-ს მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოს პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ. ეს წინასწარი შეთანხმება დასამტკიცებლად წარედგინება სსფ-ს აღამასრულებელ დირექტორთა საბჭოს ამა წლის ივნისის თვეში. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო 2018 წლის "მეოთხე მუხლის კონსულტაციების" ანგარიშს და პროგრამის მეორე მიმოხილვის შედეგებს ერთად განიხილავს. მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 30 მილიონი ეს-დე-ერი (დაახლოებით 43.6 მილიონი აშშ დოლარი). შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვები 90 მილიონ ეს-დე-ერ-ს (დაახლოებით 130 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება.

"პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. დეკემბრის ბოლოსთვის განსაზღვრული რაოდენობრივი კრიტერიუმები შესრულებულია, ხოლო მიმდინარე ხარჯებთან დაკავშირებული გეგმიური ინდიკატორი მხოლოდ მცირედით გაირღვა. რეფორმების პროგრამა კარგად ხორციელდება. პროგრამით გათვალისიწნებული სტრუქტურული კრიტერიუმების უმეტესობა შესრულებულია.

"2017 წლის ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო სავაჭრო პარტნიორების მაღალი ზრდისა და აქტიური ადგილობრივი მოხმარების გამო. 2017 წლის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ 6.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის მარტში 2.8 პროცენტამდე შემცირდა, ვინაიდან მიილია გაზრდილი აქციზის გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე. ექსპორტის, ტურიზმის, ფულადი გადმორიცხვების ზრდამ ხელი შეუწყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას მშპ-ს 8.7 პროცენტამდე 2017 წელს. კერძო სექტორის დაკრედიტება ხელს უწყობდა ეკონომიკურ აქტივობას. ფისკალური დეფიციტი პროგრამით გათვალისწინებულზე უფრო დაბალი იყო მაღალი შემოსავლების გამო, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკურ აღმავლობას უკავშირდება. მაღალი შემოსავლები და მიმდინარე ხარჯების შეზღუდვა ქმნიდა კაპიტალური ინვესტიციების ზრდისა და დღგ-ს ზედმეტობების ანაზღაურების შესაძლებლობას.

"2018 წელს ზრდა კვლავ მაღალი იქნება, ხოლო რისკები დაბალანსებული. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სავარაუდოდ, ოდნავ გაიზრდება საწვავის ფასების ზრდის და კაპიტალური ხარჯების გამო. საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის განუხრელი შესრულება ხელს შეუწყობს მაღალ და მეტად ინკლუზიურ ზრდას, კერძო ინვესტიციების, მწარმოებლურობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობით.

"ფისკალური დისციპლინა გაგრძელდება. ფისკალური დეფიციტი 2017 წლის 2.9 პროცენტიდან 2018 წელს 2.8 პროცენტამდე შემცირდება, გაგრძელდება დღგ-ს ზედმეტობების ანაზღაურება და კაპიტალური ინვესტიციები. საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური დეფიციტი განაგრძობს შემცირებას. ამის მისაღწევად, სახელმწიფო ინვესტიციების მატების პარალელურად, საჭირო იქნება ხარჯვის ეფექტურობის ზრდა და სხვა სახელმწიფო ხარჯების მკაცრი კონტროლი.

"ხელისუფლება გეგმავს ფისკალური ჩარჩოს გაძლიერებას და საჯარო ინვესტიციების მართვას, შემოსავლების ადმინისტრირების გაუმჯობესებას და სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის მონიტორინგს, საჯარო სექტორის ეფექტურობის ზრდას და ფისკალური რისკების შემცირებას, მათი გასაჯაროების პარალელურად.

"მონეტარული პოლიტიკა შესაფერისია და მართებულადაა მიმართული ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. მოსალოდნელია, რომ 2018 წლის ბოლოს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის შესაბამისი იქნება. მოქნილი გაცვლითი კურსის უზრუნველყოფა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის დასაცავად საგარეო შოკებისგან.

"ფინანსური სექტორის რეფორმები კვლავაც მიმართული იქნება ფინანსური მდგრადობის გაძლიერებაზე და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. სტრესის პირობებში ლიკვიდობის მიწოდებისა და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შექმნა ხელს შეუწყობს ფინანსური სტაბილურობის ზრდას. მოწყვლადი მსესხებლების ჭარბვალიანობისგან დასაცავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შექმნა სახელმძღვანელო პასუხისმგებლიან დაკრედიტებაზე. დაგეგმილი პუდენციული ღონისძიებები და ფინანსური განათლების ამაღლება და მომხმარებელთა დაცვა შეამცირებს დოლარიზაციას საქართველოში.

"სტრუქტურული რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანია მეტად მრავალმხრივი და ინკლუზიური ზრდისთვის. ხელისუფლების რეფორმების გეგმის განუხრელი განხორციელება უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის მიერ გენერირებული ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის და სიღარიბის შესამცირებლად. ხელისუფლების ოთხპუნქტიანი გეგმის შესაბამისად პრიორიტეტებს წარმოადგენენ სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა, ბიზნეს გარემოს და მმართველობის გაუმჯობესება და განათლების რეფორმა.

"სსფ-ს მისია მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას, კერძო სექტორის წარმომადგენლებს გულწრფელი და კონსტრუქციული განხილვებისთვის, თანამშრომლობისთვის და მასპინძლობისთვის", - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.