„ზამთრის სეზონზე წყალსაცავში წყლის მოცულობის შემცირებამ გამოიწვია ის, რომ აფხაზებმა იანვარ-მარტში საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი წაიღეს“ , - სწორედ ასე ხსნის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ენგურჰესის“ გენერალური დირექტორი ლევან მებონია აფხაზების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას.
2018 წლის ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 92,6% ოკუპირებულ რეგიონს მიეწოდა. კერძოდ, იანვარ-მარტში „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ კასკადების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 724.8 მლნ კვტ/სთ იყო, აქედან 671,3 მლნ კვტ/სთ აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა. ხოლო 2017 წლის იანვარ-დეკემბერში აფხაზეთის რეგიონმა ელექტროენერგიის 46.9% წაიღო.
„ენგურჰესის“ დირექტორის განმარტებით, აფხაზეთის მიერ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარება იანვარ-მარტში უკვე ხუთი წელია საკმაოდ მაღალია და ამის მიზეზი ის არის, მათ წყალსაცავაში წყლის მოცულობა მცირდება.
„ყველაფერი წყლის მოცულობასა და შემოდინებაზეა დამოკიდებული. ზამთრის სეზონზე წყალსაცავში წყლის მოცულობა ყოველთვის მცირდება. აფხაზები გასული წლების იანვარ-მარტ-თებერვალშიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარდნენ. 2013 წლიდან მოყოლებული ასეა. სამაგიეროდ, აპრილ-მაისში მოხმარება უკვე მცირდება. ხოლო წლიურ ჭრილში გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარს მოიხმარენ“, - აცხადებს მებონია.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი როგორც ქვეყანას, ასევე „ენგურჰესს“ დიდ ფინანსურ პრობლემას უქმნის. რადგანაც აფხაზეთს ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება, კომპანია შემოსავლების ნახევარს კარგავს.
მისივე განმარტებით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის ის, რომ აფხაზეთში გამრიცხველიანება დაიწყოს. ლევან მებონიას ინფორმაციით, აფხაზურ მხარესთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჰქონდათ, თუმცა პროგრესი ჯერ არ არის.
„აფხაზები ელექტროენერგიას უფასოდ იღებენ, ჩვენ კი არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ მათ საფასური დავუწესოთ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ აფხაზეთში გამრიცხველიანება არ არის. ისინი ელექტროენერგიის მოხმარებაში საფასურს რომ იხდიდნენ, მაშინ ამდენს აღარ მოიხმარდნენ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. გარდა ამისა, „ენგურჰესი“ შემოსავალს მიიღებდა და დაზოგილი ელექტროენერგია საქართველოში წამოვიდოდა. მიმდინარეობს მოლაპარაკებების აფხაზურ მხარესთან, რათა რეგიონში გამრიცხველიანება დროულად დაიწყოს. ბუნებრივია, ასე დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება, რომ ელექტროენერგია ჩვენგან უფასოდ მიჰქონდეთ. ამას თავადაც ხვდებიან, თუმცა ამ მოლაპარაკებების შედეგად, პროგრესი ჯერჯერობით არ არის. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ“, - აცხადებს ლევან მებონია.
მისივე თქმით, აფხაზეთში ელექტროენერგიას უკონტროლოდ მოიხმარენ, ზამთარში გათბობის, ზაფხულში კი კონდიცირებისთვის.
„აფხაზეთში ელექტროენერგია ყოველგვარი კონტროლის გარეშე იხარჯება. ეზოში, ფარეხში, ბოსელში, საქათმეში ყველგან განათება აქვთ. წლებთან ერთად, ცხოვრება წინ მიდის. რაღაც ახალი შენდება, კეთდება და ეს ყველაფერი დამატებით ელექტროენერგიას მოითხოვს. თუმცა აფხაზების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დიდი წილი მრეწველობაში არ მიდის. უმთავრესად ელექტროენერგიას ზამთარში გათბობის მიზნით იყენებენ. როგორც კი დათბება, მათ მიერ მოხმარება სამჯერ მცირდება ხოლმე. სექტემბერ-ოქტომბერსა და აპრილ-მაისში აფხაზების მიერ ელექტროენერგიის ყველაზე დაბალი მოხმარება ფიქსირდება. ზამთარსა და ზაფხულში მაღალი, რადგან გათბობისა და კონდიცირების სისტემისთვის იყენებენ“, - აღნიშნავს „ენგურჰესის“ დირექტორი.
თეონა კენჭიაშვილი