თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ჩატარებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„ძალიან მასშტაბური პროექტის, დაახლოებით 1000 კვ.მ-ზე მეტ სივრცეზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია. არის კონკრეტული ადგილები და ოთახები, სადაც ავთენტურობა შენარჩუნდება. ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დედაქალაქში, არა მარტო ჩვენი მცხოვრებლებისთვის, არამედ, ტურისტებისთვის. დაახლოებით, 3 მილიონი ლარი დაიხარჯება პროექტის განხორციელებისთვის. პროექტი შეგვიძლია ორ ეტაპად გავყოთ, პირველი ეტაპის სამუშაოები ახლა უკვე დასრულებულია, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები 8 ოქტომბრისთვის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისთვის დასრულდება. აღსანიშნავია ის, რომ ყველა სივრცე ადაპტირებული იქნება და ეტლით გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – „მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში განახორციელა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ -მემორიალური მუზეუმის სარეაბილიტაციო პროექტი „იკორთა 2007“-ის ავტორობით მომზადდა. სარეაბილიტაციო სამუშოების პირველ ეტაპზე სარდაფები მიწის დანალექი მასებისგან დასუფთავდა, სარდაფების ღიობებში გამაგრების სამუშაოები ჩატარდა, შენობის დასავლეთ ფლიგელში რკინა-ბეტონის სვეტებისა და სართულშუა გადახურვის მონოლითური ფილები მოეწყო. ასევე, მოწესრიგდა მუზეუმის ეზოში არსებული წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი, შეიცვალა სახურავები და საწვიმარი მილები, ავთენტური სახით აღდგა შიდა ეზოს ფასადებზე ხის აივნები, მოეწყო შუშაბანდები და შეიცვალა ხის კარ-ფანჯარა. გარდა ამისა, გარე ფასადსა და შენობის პარაპეტებზე შეიცვალა ძლიერ დაზიანებული ნაძერწი დეტალები და ჩაუტარდა სარესტავარაციო სამუშოები.
ჩუღურეთის რაიონში მდებარე ისტორიული შენობის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 912 829 ლარი დაიხარჯა.
ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია შიდა ეზოსა და ინტერიერის აღდგენა-კეთილმოწყობა. შენობის სამივე სართული ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 120 000 ლარი დაიხარჯება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუზეუმში დაცულია სამი მემორიალური ოთახი, აქედან ორი - სასადილო და ივერიის რედაქციის კაბინეტი ავთენტური სახითაა შემონახული. სარესტავრაციო სამუშაოების დროს, ასევე, აღმოჩენილია ოლღა გურამიშვილის საძინებელი ოთახი, სადაც შენარჩუნებულია კედლის ავთენტური მოხატულობა.
გარდა მემორიალური სივრცეებისა, მუზეუმში იგეგმება 15 თემატური დარბაზის მოწყობა, სადაც განთავსებული იქნება მემორიალური ნივთები, საგამოფენო ობიექტები, ნაბეჭდი მასალა და ინსტალაციები. ასევე, მოეწყობა დრობითი საგამოფენო დარბაზი, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ტიპის საგამოფენო და სამეცნიერო ღონისძიებები. გარდა ამისა, მუზეუმში განთავსდება კაფე, საგანამანთლებლო სივრცე, სახელოსნო და სამუზეუმო მაღაზია.
ცნობისთვის, ილია ჭავჭავაძე აღნიშნულ შენობაში 1888-1901 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. თავის დროზე, იგი ილიას დას ეკუთვნოდა. ამ სახლს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ–პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები. სახლში განთავსებული იყო გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. აქვე იმართებოდა ილიას ტრადიციული „ხუთშაბათობები“.