აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.
„ADB მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის განვითარებაში და დააფინანსებს 24-კილომეტრიანი გზის მშენებლობას, ქვეშეთი-კობის მონაკვეთს, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია.
ამ და სხვა საკითხებზე დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. შეხვედრას მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, საქვეუწყებო კომპანიების ხელმძღვანელები და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ვერნერ ლიპახი, ასევე საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან კაიალარი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ურბანული სერვისების განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე ფინანსდება მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური და ურბანული ტრანსპორტისა და წყალმომარაგების მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს 13 ქალაქში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმდინარე მასშტაბური პროექტები, რომელსაც ADB აფინანსებს. აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას და პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის დასასრულს მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ვერნერ ლიპახს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა“, - აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.