საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3441 მლნ დოლარი შეადგინა

2014 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3441 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 933 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (19 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 2508 მლნ აშშ დოლარს (13 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-აპრილში 1576 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 897 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 194 მლნ აშშ დოლარი იყო (50 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 703 მლნ აშშ დოლარი (7 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 21% და იმპორტში 28%. (2013 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 26, 16 და 30 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32 პროცენტი (2013 წლის იანვარ-აპრილში 37 პროცენტი).

დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის იანვარ-აპრილში 1169 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2013 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 18 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 510 მლნ აშშ დოლარს (19 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 659 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (17 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ს ქვეყნების წილი 34 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 55 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი. (2013 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 33, 55 და 25 პროცენტი). 2014 წლის იანვარ-აპრილში, დსთ-ს ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 9 პროცენტი (2013 წლის იანვარ-აპრილში ასევე 9 პროცენტი).

2014 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (520 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (392 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (252 მლნ აშშ დოლარი). სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, 194 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 21% შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 102 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 11 პროცენტს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 82 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2014 წლის იანვარ-აპრილში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 241 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 200 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 149 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).