კახა კოხრეიძე : მთავარია, ხელისუფლებას აქვს ნება, რომ კერძო სექტორის საქმიანობაში არ ჩაერიოს

მთავარია, რომ ხელისუფლებას აქვს ნება, ბიზნესი იყოს მხარდაჭერილი და არ მოხდეს ჩარევა კერძო სექტორის საქმიანობაში.

ამის შესახებ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა კოხრეიძემ ჟურნალისტებს პრემიერისა და ბიზნესმენების შეხვედრის შეფასებისას განუცხადა.

"ბოლო პერიოდში ბევრი ახალი ინიციატივა გამოჩნდა მთავრობის მხრიდან, ეს ინიციატივები ძალიან საინტერესოა კერძო სექტორისთვის და იქნება კონკრეტული დიალოგი, როგორ ჩაერთოს აქტიურად ბიზნესი ამ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელების პროცესში. რადგან, ბუნებრივია, მთავრობა მათ დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს", - განაცხადა კოხრეიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგი აქვს პრემიერისა და ბიზნესმენების მსგავს შეხვედრებს, როგორიც დღეს იმართება, კოხრეიძის თქმით, ყველაფერს თავისი შინაარსი აქვს.

"ფორმალურ შეხვედრებს, ბუნებრივია, არა აქვს შინაარსი, მაგრამ ჩვენ დავრწმუნდით, რომ ორი წლის განმავლობაში, რაც ახალი ხელისუფლებაა ქვეყანაში, ყველა მსგავსი ტიპის შეხვედრა დასრულდა კონკრეტული შედეგით, მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა და კონკრეტული პროექტები, რომლებშიც ფული იხარჯება. ვფიქრობ, ეს შეხვედრები შედეგიანია. მთავარია, რომ ნება არის ხელისუფლების მხრიდან, რომ ბიზნესი იყოს მხარდაჭერილი და არ მოხდეს ჩარევა კერძო სექტორის საქმიანობაში; სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, კერძო სექტორი კი ხელშეუხებელი და ბუნებრივია, ამ ფონზე მთავრობას აქვს სურვილი, ისეთი პროგრესული ნაბიჯები გადადგას, რომელიც ბიზნესის განვითარებას წაადგება", - განაცხადა კახა კოხრეიძემ.

პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრა სასტუმრო "რედისონში" ამ წუთებში მიმდინარეობს.