თბილისში ქვეითებისთვის განკუთვნილი საფეხმავლო ლითონის ხიდების ნაწილი დაზიანებულია. კერძოდ, ლითონის ფირფიტები მჭიდროდ დამაგრებული არ არის, შესაბამისად, მასზე გადასვლისას შესაძლებელია, მოქალაქეები საფრთხის ქვეშ იყვნენ.
Allnews.ge-მ დედაქალაქში რამდენიმე ასეთი დაზიანებული ხიდი გადაიღო, რომელთაგანაც 2 მათგანი სკოლასთან და უნივერსიტეტთან მდებარეობს. კერძოდ:
1. აღმაშენებლის ხეივანი, საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია
2. დიღმის მასივში მდებარე ორი საფეხმავლო ხიდი
3. ყაზბეგის გამზირი, 52-ე სკოლის წინ მდებარე ხიდი
4. ვაჟა-ფშაველას გამზირი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინ მდებარე ხიდი
5. ღრმაღელეს მეტროს მიმდებარე ტერიტორია.
როგორც Allnews.ge-ს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, დაზიანებული ხიდების შესახებ ინფორმაციას ქალაქის მთავრობა ფლობს და მათი რეაბილიტაციისთვის შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომელშიც კომპანია "უნივერსალმშენმა" გაიმარჯვა. ხიდების რეაბილიტაციის ტენდერით გათვალისწინებული ფასი 237 732 ლარია.