IDFI: ყველაზე არაანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები შსს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებია

ყველაზე არაანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებს შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები, ასევე აჭარის მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენენ.

აღნიშნულის შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ირგვლივ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) ჩაატარა.

ორგანიზაციის კვლევა მოიცავს 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე პერიოდს. კვლევის პრეზენტაცია "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში IDFI-ის ხელმძღვანელმა გიორგი კლდიაშვილმა ჩაატარა. მისი განცხადებით, კვლევის დაწყების მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმის გამოვლენა, თუ რამდენად შენარჩუნებულია ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე არსებული დადებითი ტენდენციები, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით.

ანგარიშის მიხედვით, მოცემულ პერიოდში, ინსტიტუტმა 29 ცენტრალურ საჯარო დაწესებულებას მიმართა 493 მოთხოვნით. აღმოჩნდა, რომ რიგი სამინისტროების შემთხვევაში, დაფარულია ისეთი მონაცემები, რომლის დეტალური გასაჯაროვებაც მათ მიერ უზრუნველყოფილი იყო პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე.

კვლევის მიხედვით, მთელი რიგი ცენტრალური საჯარო დაწესებულებების შემთხვევაში, პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ ნაჩვენები დადებითი ტენდენციები დაკავშირებული იყო ახალი ხელისუფლების საქმიანობის საწყის ეტაპთან, როდესაც საჯარო დაწესებულებების მიერ, რაიმე სახის ინფორმაციის დამალვის სურვილი ნაკლებად არსებობდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია 14 პროცენტით, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები გაზრდილია 5 პროცენტით.

გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ მთელ რიგ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში შენარჩუნებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებელი. განსაკუთრებით, მისი თქმით, აღსანიშნავია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, რომლებიც განვლილი პროექტის მსგავსად, კვლავ ინარჩუნებენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100-პროცენტიან მაჩვენებელს. მისი განცხადებით, განვლილი პროექტის მაჩვენებელთან შედარებით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროცენტული მაჩვენებლის მატება შეინიშნება მხოლოდ 11 საჯარო დაწესებულების შემთხვევაში. ყველაზე პროგრესულ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის, არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობის კანცელარია.

"სამი დაწესებულების შემთხვევაში, კვლავ შენარჩუნებულია ხელმისაწვდომობის 100-პროცენტიანი მაჩვენებელი, ხოლო დანარჩენმა 15-მა ცენტრალურმა საჯარო დაწესებულებამ, განვლილ პროცესთან შედარებით განიცადა მეტ-ნაკლები რეგრესი: განსაკუთრებით აღსანიშნავია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომლის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი შემცირდა 61 პროცენტით", - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

მისივე განცხადებით, პრემიების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ განვლილ პროექტში მიაწოდა ორგანიზაციას დეტალურად თითოეულ თანამდებობის პირზე. ამჟამად კი, აღნიშნული მოთხოვნა დატოვებულია უპასუხოდ.

რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვას, კლდიაშვილის თქმით, სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განვლილ პროექტში ინსტიტუტს მიაწოდა დეტალურად, თითოეული თანამდებობის პირზე, ბოლო კვლევის ფარგლებში კი მხოლოდ ჯამური ოდენობა.

"ფინანსთა სამინისტრომ პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია განვლილ პროექტში მოგვაწოდა თითოეული თანამდებობის პირზე, სახელისა და გვარის მითითებით, ამდენად, მხოლოდ ჯამური ოდენობა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია განვლილ პროექტში წარმოადგინა დეტალურად, სახელისა და გვარის მითითებით. ამჯერად, ინსტიტუტს განუმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს პერსონალური მონაცემების ნიშნებს და მხოლოდ სამი თვის დაგვიანებით დააკმაყოფილა ინსტიტუტის მოთხოვნა", - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ცენტრალური საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მიხედვით, IDFI-მ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგი შეადგინა.

კვლევა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.