ლომბარდებში გადახდისუუნარო კლიენტების მიმართვიანობა გაიზარდა

ლომბარდებში გადახდისუუნარო კლიენტების მიმართვიანობა გაიზარდა, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისში მოქმედ სხვადასხვა ლომბარდებში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში იმატა ისეთი მომხმარებლების რიცხვმა, რომლებსაც ოქროს, სხვადასხვა ტექნიკის, ავტომანქანის, თუ უძრავის ქონების უზრუნველყოფით სესხის მიღება სურთ, თუმცა მათი საკრედიტო ისტორია უარყოფითია და გადახდისუუნაროდ მიიჩნევიან.

„2011-2012 წლებში ოქროს ლომბარდებში ერთგვარი ბუმი იყო, რადგან კრიზისის შემდეგ, კომერციულ ბანკებში სესხების აღება გართულებული იყო. ბოლო პერიოდში ასეთი ბუმი და დიდი მომართვიანობა აღარ არის, თუმცა გადახდისუუნარო ადამიანებმა მოიმატეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მესამედი თანხა გავცეთ, რათა შემდეგ ლომბარდში ჩატოვებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია არ გაგვიჭირდეს“, - აღნიშნავენ ერთ-ერთ ლომბარდში.

კიდე ერთ ლომბარდში განგვიცხადეს, რომ გადახდისუუნარო მომხმარებელზე სესხს ნაკლებად გასცემენ, რადგან რისკისგან დაზღვეულები იყვნენ: „ბოლო პერიოდში გადახდისუუნარო ადამიანებზე სესხს ისედაც არ გავცემთ, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა არის. საკრედიტო ისტორიას ვამოწმებთ. თუ კლიენტი გაშავებულია სხვადასხვა ბანკში ან ლომბარდში, რა თქმა უნდა, მისთვის სეხის მიცემა რისკიანად ითვლება.“

ამასთან, ერთ-ერთ ლომბარდში განმარტავენ, რომ მათ კომპანიაში შემავალი განაცხადების ნახევარზე მეტს უარყოფითი პასუხი მოსდის, რისი მიზეზიც სწორედ ის არის, რომ მომხმარებელს დადებითი საკრედიტო ისტორია არ გააჩნია.

„თავიდანვე მაქსიმალურად ვცდილობთ, ისეთ მოხმარებელზე არ გავაფორმოთ სასესხო ხელშეკრულება, რომელიც შემდგომში გაპრობლემდება. შემოსული განაცხადების ნახევარზე მეტს უარს ვეუბნებით. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ვინმეს პრობლემა შეექმნას. მხოლოდ იმ შემთხვევაში გავცემთ სესხს, როცა რისკი ნაკლებია და კლიენტს შესწევს უნარი, რომ სესხი დროულად დაფაროს“, - აცხადებენ ლომბარდში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია (ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა) დაფიქსირდა. 2017 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 96,4% ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 3,6% - იურიდიულ პირებზე მოდის. კერძოდ, ფიზიკურ პირებზე გაცემულია 391 მლნ ლარის სესხი.

რაც შეეხება მსესხებელთა რაოდენობას, საქართველოში მოქმედ ლომბარდებში, 2017 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 609,4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა დაახლოებით,99,6% ანუ 606.9 ათასი ფიზიკური პირი იყო.

თეონა კენჭიაშვილი