იმ მომხმარებლებს, რომელთაც კომპანიების მხრიდან თანხის გადახდა უსაფუძვლოდ დაეკისრათ, 2017 წლის განმავლობაში სამ მილიონ ლარამდე თანხა ჩამოეწერათ , - ამის შესახებ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა სალომე ვარდიაშვილმა 2017 წლის ანგარიშის წარდგენისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ენერგოომბუდსმენმა აღნიშნა, 2017 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის აპარატში 4338 განცხადება დარეგისტრირდა, ხოლო კონსულტაციისთვის 8474 მოქალაქე ესტუმრა.
სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, ანგარიშში ასახულია საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი და საზოგადოებრივი დამცველის სამართლებრივი რეაგირებები.
“მოქალაქეთა მომართვიანობის შინაარსის ანალიზი ნათლად წარმოაჩენს იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც დღესდღეობით ენერგეტიკის დარგის მომხმარებლებს აწუხებთ. ელექტროენერგეტიკის სექტორში კონსულტაციაზე მოსული მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ძველი დავალიანებების პრობლემას ეხება. ასევე ქვითარში ასახული ხარჯის ოდენობა ტარიფს არ შეესაბამება. კახეთის რეგიონში ყველაზე მწვავედ იკვეთებოდა არასათანადო მომსახურების პრობლემები. ამასთან, აღნიშნულ რეგიონებში ენერგოომბუდსმენის ჩარევამდე მომხმარებლები ვერ სარგებლობდნენ „მთის კანონით“ დადგენილი შეღავათებით“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.
მისივე განცხადებით, წყალმომარაგების სექტორში სისტემურ ხასიათს იძენს გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის შეფასებითი ჩვენებების დაფიქსირება.
"კომპანიის წარმომადგენელი პერიოდულად არ იღებს რეალურ ჩვენებებს და მოქალაქეებს უგროვდებათ გადასახადები. ასევე ხშირია სასმელი წყლის სათანადო წნევით მიწოდებასთან დაკავშირებული საჩივრები. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, მოქალაქეების დიდი ნაწილი გამოხატავს უკმაყოფილებას გაზმომარაგების კომპანიის მიერ შეტყობინების გარეშე ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეცვლასთან დაკავშირებით, რასაც მოყვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის აღძვრა და თანხის დარიცხვა. ასევე აქტუალურია ხანდაზმული დავალიანებების საკითხები”, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელსაც აპარატი აქტიურად აგრძელებს აღნიშნულ პრობლემებზე მუშაობას. ამასთან, განსაკუთრებით რეგიონებში მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება.