როდის გადაეგზავნება მერიას რესტორან „არაგვის“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტი

სანაპიროზე, ყოფილი რესტორანის „არაგვის“ ტერიტორიაზე ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დაწყების ვადები ისევ გაურკვეველია.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტი მინდია გადაევი აცხადებს, მშენებლობის დაწყების თარიღი უცნობია, რადგან ჯერ მხოლოდ პროექტის კონცეფციის შემუშავება ხდება.

„ჯერჯერობით პროექტის კონცეფციის შემუშავების სტადიაში ვართ. საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და სირთულეები ახლავს. უპირველესი სირთულე ფინანსების სწორი დაგეგმვაა, რადგან საქმე გვაქვს მასშტაბურ პროექტთან. მას შემდეგ, რაც სწორი პროექტი გაკეთდება, ინვესტორსაც მოვნახავთ. ამიტომაც ვცდილობთ ისეთი პროექტი შევიმუშაოთ, რომელსაც პოტენციურ ინვესტორებს წარვუდგენთ“, - აღნიშნავს გადაევი.

კითხვაზე, დედაქალაქის მერიაში თუ არის უკვე პროექტი შესული, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, რომ აქამდე მერიაში მხოლოდ ესკიზური პროექტი შევიდა, რაც შენიშვნებით უკან დაუბრუნეს. უშუალოდ სამშენებლო ნებართვისთვის კი მერიისთვის ჯერ არ მიუმართავთ.

„მერიაში რამდენიმე ესკიზური პროექტი კოცენცეპტუალური სახით შევიტანეთ. მათ ჰქონდათ თავისი შენიშვნები და ახლა ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ შენიშვნები შევასწოროთ. მას შემდეგ, რაც ესკიზური პროექტი შეთანხმდება, მერიას უკვე სამშენებლო ნებართვაზე მივმართავთ. ეს როდის მოხდება, უცნობია“, - აცხადებს გადაევი.

მისივე ინფორმაციით, პროექტის თავდაპირველი ღირებულება 240 მილიონი აშშ დოლარი იყო, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი დოლარის ფარგლებში შემცირდეს. შესაბამისად, პროექტის ისეთ ვარიანტს არჩევენ, რომელიც აღნიშნულ თანხებში ჩაჯდება.

მისივე თქმით, 50 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებულ მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმრო, საცხოვრებელი ფართები და ფინანსური ცენტრი მოეწყობა.

თეონა კენჭიაშვილი