”მთავრობა ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს, ეს უნდა შექმნას კერძო სექტორმა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინიციატივაზე, "აწარმოე საქართველოში", ბიზნესმენებისგან ძალიან კარგი გამოხმაურება მოისმინა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ამ პროექტთან დაკავშირებით ბიზნესმენებს დიდი მოლოდინი აქვთ.

"ამ პროექტში მათი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი მზად არიან, რომ მასში მიიღონ მონაწილეობა და ეს ძალიან მახარებს, ვინაიდან ბიზნესის და კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია სახელმწიფომ განავითაროს ეკონომიკა. ხშირად გვსაყვედურობენ ჩვენ, რომ არ იქმნება სამუშაო ადგილები და მთავრობა არ ქმნის სამუშაო ადგილებს. ამაზე მინდა განვმარტო, მთავრობა ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს, ეს უნდა შექმნას კერძო სექტორმა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ახლა მთავარია ბიზნესი უფრო მეტად იყოს ჩართული სახელმწიფოს მშენებლობაში და ამის წინაპირობა და ნიშნები უკვე ჩანს.