გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში ინდაურების ფერმის მიგნება იმიტომ გამიხარდა, რომ ჩვენში ინდაურის ფერმები თითქმის არ არსებობს, არადა, მისი ხორცი ძალიან სასარგებლოა, წონითაც ყველა შინაურ ფრინველს აღემატება, მით უფრო, თუკი ბროილერის ჯიშს, ანუ ყველაზე მეხორცულ ინდაურს ეხება საქმე.
სწორედ ამ ჯიშის ინდაურის გარეშე წარმოუდგენელია ამერიკაში საშობაო დღესასწაულის გამართვა. გორელმა ძმებმაც, ლევან და კობა კეჩხუაშვილებმა, ეს ჯიში მოაშენეს:
- შრომას ბავშვობიდანვე დავეჩვიეთ. მშობლები ყველა საქმეში გვრთავდნენ, ვაშლის ბაღის მოვლა იქნებოდა თუ საკარმიდამო ნაკვეთის. ჩვენც თანდათან გავიგეთ, რომ კეთილდღეობის მიღწევა შრომის გარეშე არ იქნება. როცა ერთ ადგილზე არ დგახარ, სიახლეებსაც ადვილად იზიდავ. ინტენსიური ბაღების პროექტები რომ დაიწყო, ჩვენი ტრადიციული შემოსავლის წყარო, ძველი ჯიშის ვაშლის ბაღიც გავკაფეთ და ახალი გავაშენეთ.
- ცოტა არ იყოს, მეწყინა. ყველამ თუ გაკაფა, გორის ქართული ვაშლი გადაშენდება და მისი გემოც დაიკარგება.
- ვინ თქვა, რომ გორული ვაშლის გემო გავანადგურეთ! ინტენსიური ჯიში იმას ნიშნავს, რომ ხე შედარებით დაბალია, რის ხარჯზეც მსხმოიარობა იზრდება და მოვლაც იოლდება. კლიმატურ პირობებსაც უძლებს. მხოლოდ საძირე ჩამოვიტანეთ უცხოეთიდან, თორემ ზედ ჩვენებური ვაშლი დავამყნეთ და გემოც ძველებური აქვს. მერე ქათმების ფერმაც გავაკეთეთ. შემოსავალმა მოგვცა მოტივაცია, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა ინდაურზეც შეგვესწავლა.- ბაზარზე მისი დეფიციტი დაგხვდებოდათ...
- ცხადია. ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ ინდაური არ გვიყვარს, ძნელი გასაზრდელია. ჩვენში ინდაურის ფერმები, როგორც წესი, არ ფუნქციონირებს, მხოლოდ შინაურ პირობებში ამრავლებენ, ზოგჯერ ქათმის კრუხითაც კი... პროექტი 2010 წელს დაგვიფინანსეს, კანადური ინდაურის კვერცხის ჩამოტანაც იყო გათვალისწინებული. კანადური ინდაურის გაზრდასა და მოვლაზე ტრენინგები წინასწარ გავიარე და მალე კანადიდან 2000 კვერცხი ჩამოვიდა თვითმფრინავით. მას შემდეგაც ასე ჩამოგვაქვს ამერიკიდან... კანადური ინდაური სპეციალურად გამოყვანილი მეხორცული ჯიშია, რომელსაც სიმძიმის გამო უჭირს ბუნებრივად განაყოფიერებული კვერცხის დადება. Kკვერცხს ჩვეულებრივად დებს და ჩვენც მივირთმევთ, მაგრამ განაყოფიერებული არ არის და გამოსაჩეკად კვერცხს ამერიკიდან ვიწერთ. ინკუბატორში სხვადასხვა პერიოდის მიხედვით სხვადასხვა ტემპერატურაა საჭირო - 3-4 გრადუსით მაღალი, ვიდრე ქათმის გამოჩეკისას. ეს საქმე პროფესიონალიზმს მოითხოვს.იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 23 აპრილის ნომერში