სს “კახეთის  ენერგოდისტრიბუციაში“  აბონენტთა  მონაცემების ახალი ბაზა ამუშავდება

უახლოეს პერიოდში სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აბონენტთა მონაცემების ახალ ბაზას აამოქმედებს.

როგორც ”კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, 2 თვიანი ტესტირების შემდეგ, ე.წ. ბილინგის ელექტრონული სისტემა ივნისის თვიდან ამუშავდება. პროგრამული უზრუნველყოფის ბაზის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად ამაღლდება აბონენტთა მომსახურების ხარისხი, რაც მასში აღრიცხვის მონაცემების დროულ ასახვას და მომხმარებლებისთვის ქვითრის დადგენილ ვადაში მიწოდებას გულისხმობს.

ბილინგის ახალი პროგრამა უკვე კომპანიის საკუთრება იქნება, რაც მას მომსახურებისთვის გადასახდელი თანხის გამოთავისუფლების გზით, მნიშნელოვანი ფინანსური რესურსის დაზოგვის საშუალებას მისცემს. მონაცემთა ახალი ბაზის მეშვეობით კომპანიის კომერციულ და ფინანსურ სამსახურებს კომერციული ციკლის მონიტორინგისა და ბუღალტრული ანგარიშგების ეფექტური შესაძლებლობა მიეცემათ. ყველა საჭირო ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომი მონაცემების რეპორტინგის სისტემით გახდება.

”კახეთის ენერგოდისტრიბუციის” ინფორმაციით, აქამდე ამ ტიპის ინფორმაციაზე წვდომა კომპანიის თანამშრომლებს გართულებული ჰქონდათ. ამავდროულად, ივნისის თვიდან ბაზაში ოპერატიულად აისახება აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ტრანზაქციები. კომპანიამ კომერციულ ბანკებთან უკვე მიაღწია შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, გადახდილი თანხები ბილინგის სისტემაში მომენტალურად აისახება. ფინანსური ოპერაციების მხრივ არსებული შეფერხებები ამ დრომდე აბონენტების ქსლიდან უმართებულოდ გათიშვას იწვევდა. მონაცემთა მოდერნიზებული ბაზის ამოქმედებასთან ერთად,  შეიცვლება ყველა მომხმარებლის სააბონენტო ნომერი. 7 ნიშნა ნომრის ნაცვლად, აბონენტების ქვითრებზე ამიერიდან 9 ნიშნა ნომერი აღინიშნება. ამ მიზნით, კომპანია საკუთარ მომხმარებლებს თხოვნით მიმართავს, რომ აღნიშნულ ცვლილებას ყურადღება მიაქციონ და მომდევნო გადახდები შეცვლილი სააბონენტო ნომრით განახორციელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემთა ბაზაში ტრანზაქციები დაგვიანებით აისახება, რამაც შესაძლოა შეფერხებები წარმოშვას.