ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ გამოაცხადა, რომ მალე ქალაქის ცენტრალურ პარკში ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება. ახალი აკრძალვა ძალაში 27 ივნისს შევა.
გამონაკლისები მხოლოდ საგანგებო ვითარების სამაშველო ავტომობილებისთვის და პოლიციისთვის დაიშვება.
შარშან ქალაქის ცენტრალურ პარკს 42 მილიონი ადამიანი ეწვია. იქ ავტომობილების გადაადგილება არამხოლოდ გამონაბოლქვის შემცირების მიზნით იკრძალება, არამედ იმისთვისაც, რომ შემცირდეს საგზაო შემთხვევები, რომლებშიც ყველაზე ხშირად, ფეხმავლები ზარალდებიან.
„ეს პარკი ავტომობილებისთვის არ შექმნილა. საერთოდ, ის ჯერ კიდევ მანამ შეიქმნა, სანამ ავტომობილები გავრცელდებოდა. ის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მის ტერიტორიაზე ისეთ მშვიდ და უსაფრთხო გარემოს შევქმნით, როგორიც იქ ადრე არასდროს ყოფილა“, - ამბობს დე ბლაზიო.
ნიუ იორკმა ცენტრალურ პარკში ავტომობილებს შეზღუდვა ჯერ კიდევ 2015 წელს დაუწესა. ოღონდ, მაშინ ავტომობილით პარკის ჩრდილოეთ ნაწილში შესვლა აიკრძალა. ამჯერად დე ბლაზიო ასრულებს ინციატივა „ვიჟნ ზეროს“, რომლის მიზანიც, ქუჩებში უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
ამ მხრივ, ქალაქში სიტუაცია ბოლო წლებში მუდმივად უმჯობესდება. კერძოდ, 2013-2016 წლებში ქუჩებში ფატალური შემთხვევების რიცხვი, 28 პროცენტით შემცირდა. მერი ამბობს, რომ ინიციატივა კარგად მუშაობს, რაც სიჩქარის ზღვარის შემცირების და სხვა ღონისძიებათა შედეგია.
„ახლა ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაღრმავოთ. არცერთი ტრაგედია ჩვენს ქუჩებში - ეს სრულებით მიღწევადია. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი დავიცვათ“, - ამბობს ნიუ იორკის მერი.