რას აცხადებენ პატარკაციშვილების ოჯახში „იმედის“ 100%-იანი წილის გასხვისებაზე

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ტელეკომპანია „იმედის“ 100%-იანი წილის Hunnewell Partners-ის მმართველი პარტნიორის, ირაკლი რუხაძის მფლობელობაში გადასვლის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

bm.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, HunnewellPartners-ის (ჰანიველ პარტნერსი) მმართველ პარტნიორს ირაკლი რუხაძესა და ინა გუდავაძეს შორის, ტელეკომპანია იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნასყიდობაზე მოლაპარაკება დასრულდა. ტელეკომპანია იმედის 100% ირაკლი რუხაძეს საკუთრებაში გადადის.

„ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის დას, მზია პატარკაციშვილს ესაუბრა.

„დეტალურ ინფორმაციას „იმედის“ 100%-იანი წილის გასხვისების შესახებ არ ვფლობ. ვერ გეტყვით, რომ უარვყოფ, მაგრამ ვერც დავადასტურებ“, - განმარტა მზია პატარკაციშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, როგორც „ბიზნესპრენიუსს“ კომისიაში განუცხადეს, ტელეკომპანიის ახალ მეპატრონეს მარუგულირებლისთვის წერილობით ჯერჯერობით არ მიუმართავს.

თეონა კენჭიაშვილი