"ფაროსანასთან ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ინტენსიურ ჩართულობას, მათი მხრიდან სპეციალისტების რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას, რადგან მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ამ გამოწვევასთან გამკლავება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფომ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია იმ ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად, რაც აზიურმა ფაროსანამ მოუტანა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას.
„ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით მთავრობა მაქსიმალურად აქტიურად და კოორდინირებულად მუშაობს. თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ინტენსიურ ჩართულობას, მათი მხრიდან სპეციალისტების რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას, რადგან მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ამ გამოწვევასთან გამკლავება“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე, ხულო-ზარზმის მიმართულებით დაგეგმილი გზის მშენებლობაზე, სარფის 11კმ-იანი გზის მშენებლობაზე, ბათუმის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოებზე და ა.შ.
„მე ყოველთვის მიხარია, როდესაც აჭარაში ჩამოვდივარ და იგრძნობა ის განსაკუთრებული მაჯისცემა, გულისცემა, რომელიც მაღალი დინამიკით არის გამოწვეული. ძალიან მახარებს, რომ ტურისტული სეზონი აჭარაში უკვე არის 12 თვის განმავლობაში და ეს იგრძნობა არა მხოლოდ დიდ სასტუმროებში, არამედ საოჯახო სასტუმროებში და უკვე მოსახლეობის ფართო ფენები გრძნობენ საკუთარ თავზე იმ შემოსავალს, რომელიც ტურიზმს მოაქვს. მინდა, თქვენთან ერთად შევაჯამო აჭარაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ემსახურება რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის წინსვლას, თითოეული მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას და ვისაუბრო დაგეგმილ პროექტებზეც, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ ჩვენ აჭარაში“, - აღნიშნა პრემიერმა.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცლებს.