მარნეულში ბანკ "კონსტანტას" ფილიალი გაიხსნა

მარნეულში, სულხან-საბას # 2-ში, ბანკ "კონსტანტას" 58-ე ფილიალი გაიხსნა.

სერვისცენტრში შესაძლებელი იქნება სრული საბანკო მომსახურების მიღება, როგორც საკრედიტო, ისე საოპერაციო მიმართულებით. კერძოდ, სხვადასხვა მიზნობრიობის სესხებით სარგებლობა, ანგარიშების მომსახურება, ანაბრებით სარგებლობა, ფულადი გზავნილებისა და კომუნალური გადახდების განხორციელება.

როგორც პრეზენტაციაზე ბანკ "კონსტანტას" მარნეულის განყოფილების ხელმძღვანელმა, თენგიზ დიდიამ განაცხადა, მარნეულის რაიონში ბანკი მესამე წელია, რაც ფუნქციონირებს, მეორე სერვისცენტრის გახსნა ბანკის პროდუქტებზე მოსახლეობის მზარდმა მოთხოვნილებამ გამოიწვია.

დიდიას განცხადებით, დღეისთვის ბანკი 2000-მდე მსესხებელს ემსახურება, რომელთა უმრავლესობა მცირე და საშუალო ზომის ფერმერია. ასევე დახმარებას უწევს სხვა მოქალაქეებსაც, განსაკუთვრებით აღსანიშნავია, გზავნილების რაოდენობა.

თენგიზ დიდიას თქმით, ბანკი "კონსტანტა" თვეში 10 ათასამდე მოქალაქეს ემსახურება. მისივე განცხადებით, ბანკი აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსესხების პროგრამაში და მსურველებისთვის დაბალპროცენტიან სესხებს გასცემს.

ამასთან, "თი-ბი-სი" ბანკის ოპერაციების დირექტორმა ვანო ბალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბანკი "კონსტანტა" 2011 წლიდან თი-ბი-სი ჯგუფის შემადგენელი ნაწილია. "თი-ბისი-ჯგუფი" ბანკი "კონსტანტას" საკონტროლო პაკეტს ფლობს. მისივე თქმით, აღნიშნული პერიოდიდან დაიწყო ბანკი "კონსტანტას" ფილიალების რაოდენობის გაორმაგება. ვანო ბალიაშვილის განცხადებით, მიკროდაფინანსება თი-ბი-სი ჯგუფისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც ბანკ "კონსტანტას" მეშვეობით ახორციელებს.

ბანკ "კონსტანტას" საქართველოს მასშტაბით 58 ფილიალი გააჩნია, მათგან 11 ფილიალი თბილისშია, ხოლო დანარჩენი 47 - საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არის განთავსებული.

დღეს მარნეულში გახსნილი კიდევ ერთი ახალი ფილიალი ბანკ "კონსტანტასა" და "თი-ბი-სი ბანკის" 120-ე ფილიალია.