აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე„KITF 2018“ წარადგინა, სადაც დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა.
„მსგავს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს უშუალოდ პოტენციურ ტურისტებს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ და ამასთანავე, საქმიანი შეხვედრები გავმართოთ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული-სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. მთელ მსოფლიოში ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაცია თუ კომპანია მსგავს გამოფენებზეა წარმოდგენილი, რაც ძალიან კარგი საშუალებაა საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ მიმდინარე წელს, რეგიონს ჯამში 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გავუწევთ პოპულარიზაციას, რაც 16 სამიზნე ქვეყანაში აქტიურ სარეკლამო კამპანიებთან ერთად აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს და რეგიონში გაიზრდება ტურისტების რაოდენობა“, - განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის უფროსმა ნინო ხახუბიამ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ყაზახეთში 2000 წლიდან იმართება და მასში ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები 63 ქვეყნიდან ღებულობენ მონაწილეობას. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა იანვრიდან დღემდე 14 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია აჭარას რეკლამირება. მათ შორის ვილნიუსის, ბერლინის, მადრიდის, ტალინის, თელ-ავივის, ჰელსინკის, სტამბოლისა და პეკინის ტურისტულ გამოფენებზე.