დაიწყე საკუთარი ბიზნესი

"დაგეგმე და იმოქმედე"...

საკმარისია უთხრა მეგობრებს, რომ ბიზნესის წამოწყებას აპირებ და იმდენნაირ რჩევას მიიღებ, რამდენი მეგობარიც გყავს. მათგან ყველაზე ჭკვიანი კი გირჩევს: ”დაწერე ბიზნესგეგმა”.

როგორც კვლევებმა აჩვენა, ბიზნესმესაკუთრეთა მხოლოდ 42% ზრუნავს ბიზნესგეგმის შედგენაზე. მათგან 69% ამბობს, რომ სწორედ ეს გონივრული სვლა გახდა მათი წარმატების საწინდარი.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ თუ ფულის სესხება არ გინდა, სულაც არ არის საჭირო ბიზნესგეგმის შედგენა. რა თქმა უნდა, თუ შენი ბიზნესისთვის სესხის აღებას აპირებ, ბანკი თუ ინვესტორი ბიზნესგეგმის წარდგენას მოგთხოვს, მაგრამ ბიზნესგეგმა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ”სასესხო დოკუმენტი” - იგი გეხმარება, კარგად განსაზღვრო შენი ბიზნესის მიზნები და მიმართულებები. ისევე როგორც უცხო ქალაქში მოძრაობისას გჭირდება რუკა, ასევე გჭირდება მეწარმეობაში ბიზნესგეგმა, რომელიც გეხმარება სწორი გზის განსაზღვრასა და არჩევანში.

როცა ბიზნესგეგმას მოამზადებ, აუცილებლად აღმოაჩენ ბიზნესიდეის ბევრ სუსტ მხარეს, რომლებზეც მანამდე არც კი გიფიქრია. ასევე მიაგნებ განვიათარების შესაძლებლობებს და მათგან სარგებლის მიღების გზებს. ბიზნესგეგმას შეუძლია, გიკარნახოს, ღირს თუ არა შენი ბიზნესიდეისთვის დროისა და ფულის ხარჯვა.

რა არის ბიზნესგეგმა და როგორ ადგენენ მას?

მარტივად რომ ვთქვათ, ბიზნესგეგმა გადმოსცემს შენი ბიზნესის მიზნებსა და სტრატეგიებს, პოტენციურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს, ბიზნესის ორგანიზაციული სტრუქტურის დახასიათებასა და ფინანსური საკითხების განხილვას - რა კაპიტალი გჭირდება წამოწყების დაფინანსებისა და განვითარებისთვის.

შთამბეჭდავად ჟღერს? ამ ყველაფერს შეგიძლია ერთ ბიზნესგეგმაში მოუყარო თავი, რომელიც ზოგადად მიღებული ფორმატის მიხედვით უნდა შეადგინო. ბიზნესგეგმა შედგება სამი ძირითადი განყოფილებისგან:

პირველი - ეს არის ბიზნესის კონცეფცია, სადაც მიმოიხილავ შენს პროდუქტსა თუ სერვისს, ბიზნესის სტრუქტურას, ინდუსტრიასა და ბიზნესის სამომავლო განვითარების გეგმებს.

მეორე - ბაზრის მიმოხილვა, სადაც აღწერ და აანალიზებ შენს პოტენციურ მომხმარებლებს: ვინ და სად არიან ისინი, რატომ ისურვებენ შენი პროდუქტის შეძენას და ა.შ. აქვე ახასიათებ მიმდინარე კონკურენციას - როგორ ახდენ ბაზარზე ბიზნესის პოზიცირებას და რამდენად წარმატებული სტრატეგია გაქვს არჩეული.

და მესამე -

ბიზნესგეგმის ფინანსური განყოფილება, სადაც მიმოიხილავ შენი ბიზნესის ბუღალტერულ საკითხებს - საერთო ფინანსურ წრებრუნვას, ბალანსს, მოგება-ზარალს და ა.შ. ამ განყოფილების ჩამოყალიბებისას შესაძლოა, დაგჭირდეს ბუღალტრის დახმარება.

კიდევ უფრო რომ გავშალოთ ეს სამი ძირითადი სექცია, ბიზნესგეგმა ჩამოყალიბდება შემდეგი 7 კომპონენტისგან:

1. შემოსავალი

2. ბიზნესის მიმოხილვა

3. ბაზრის სტრატეგიები

4. კომუნიკაციის ანალიზი

5. დიზაინი და განვითარების გეგმა

6. სამუშაო და მართვის გეგმა

7. ფინანსური საკითხები

გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბიზნესგეგმა გარეგნულადაც ლამაზად გამოიყურებოდეს - სასურველია ჰქონდეს ყდა, ცალკე გვერდი სათაურისთვის, შინაარსისა და შენიშვნების პუნქტები.

განვიხილოთ ბიზნესგეგმის თითოეული კომპონენტი:

შესავალი: პირველ რიგში, მკითხველს უჩნდება სურვილი, გაიგოს თუ რა სახის ბიზნესის წამოწყებას აპირებ. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა აქვს შესავალი ნაწილის კარგად ჩამოყალიბებას. წარმოიდგინე, თითქოს კარგი მოთხრობის შინაარსს წერ და ეს ისე უნდა გააკეთო, რომ მკითხველი დააინტერესო და დააინტრიგო, გაუჩინო სურვილი, რომ მოთხრობა ბოლომდე წაიკითხოს.

ბიზნესგეგმის შესავალ ნაწილში წარადგენ შენს ბიზნესს - ზოგადად უნდა დაახასიათო შენი საქმიანობა, პროდუქტი, თუ სერვისი, ისაუბრო შენი ბიზნესის უპირატესობებსა და გარემო პირობებზე, დაასახელო ის კაპიტალი, რაც გჭირდება ბიზნესის წამოსაწყებად და გასავითარებლად, ციფრებით გამოსახე შენი სამომავლო შემოსავლები, მოგება, ხარჯები და ა.შ.

თუ სესხის აღებას აპირებ, დაასახელე, რა თანხა გჭირდება, როგორი იქნება გადახდის გრაფიკი, რამდენი იქნება მსესხებლის სარგებელი და ”პროცენტის გადახდის” შემდეგ რამდენი გექნება მოგება.

შემოსავალი ნაწილი უნდა იყოს ზოგადი და სასურველი, მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს.

ბიზნესის მიმოხილვა: აქ ფაქტობრივად განავრცობ შემოსავალ ნაწილს და უფრო დეტალურად აღწერ შენს ბიზნესს. ჩვეულებრივ იწყებ იმ ინდუსტრიის დახასიათებას, რომელსაც შენი ბიზნესი მიეკუთვნება. შემდეგ გადადიხარ კონკრეტულად შენი ბიზნესის დახასიათებაზე- რას საქმიანობს საწარმო? რა ტიპის სერვისსა თუ პროდუქტს სთავაზობ ბაზარს? როგორია ინდუსტრიის განვითარების ტენდენცია? და ა.შ.

შემდეგ დაახასიათე შენი პროდუქტის მიზნობრივი ბაზარი. რამდენად ეფექტურია პროდუქციის დისტრიბუცია? როგორ განავითარებ ბიზნესის ხელშეწყობის სისტემებს.

შემდეგ აღწერე შენი პროდუქტი თუ სერვისი, დაახასიათე მისი დანიშნულება და საჭიროება, ხაზი გაუსვი ისეთ განსაკუთრებულ მახასიათებლებს, რაც შენს პროდუქტს ბაზარზე გამოარჩევს.

თუ ბიზნესგეგმას იყენებ დაფინანსების მიზნით, ახსენი, რატომ გახდის დამატებითი სახსრების მოძიება შენს ბიზნესს უფრო მომგებიანს - გამოიყენებ ფულს ბიზნესის გაფართოებისთვის, ახალი პროდუქტის შესაქმელად თუ რამე ახალი აღჭრუვილობის შესაძენად?

ბაზრის სტრატეგიები:

აქ ახასიათებ შენს მიზნობრივ ბაზარს - მის ზომას, სტრუქტურას, ზრდის პერსპექტივას, ტენდენციასა და გაყიდვების პოტენციალს. კვლევებისა და გაყიდვების ანალიზზე დაყრდნობით, ამ განყოფილების მუშაობა ორიენტირებული უნდა იყოს მომხმარებლებსა და კონკურენციაზე. დაასაბუთე, ბაზრის რა ნაწილის დაპყრობა შეუძლია შენს პროდუქტს?

რთულია განსაზღვრო ზუსტი რიცხვი, რადგან მასზე ბევრი რამ ახდენს გავლენას, მაგრამ შეეცადე, შედეგები ძალიან ახლოს იყოს რეალობასთან.

ჩამოწერე, ვინ, როდის, სად და რატომ შეიძენს შენს პროდუქტს. ამ საკითხების კარგად გაანალიზება დაგეხმარება, განსაზღვრო სათანადო საფასო სტრატეგია და დისტრიბუციის ოპტიმალური არხები.

დაასაბუთე წყაროები, საიდან და როგორ მოაგროვე ინფორმაცია ბაზრის შესახებ.

განსაზღვრე შენი გაყიდვების შესაძლებლობები. ხაზი გაუსვი ისეთ მახასიათებლებს, რაც გამოგარჩევს კონკურენტებისგან და მოგანიჭებს უპირატესობას ბაზარზე.

ამის შემდეგ ისაუბრე საფასო, სადისტრიბუციო და გაყიდვების სტრატეგიებზე. როგორი მიმართულებები გაქვს არჩეული, რომ სათანადოდ მოახდინო ბაზარზე შენი პროდუქტისა თუ სერვისის პოზიცირება?

კონკურენციის ანალიზი:

როგორ კონკურენტულ გარემოშია შენი ბიზნესი და რამდენად პასუხობს ის ბაზრის მოთხოვნებს? - ბიზნესგეგმის ეს ნაწილი ამ კითხვაზე პასუხით უნდა იწყებოდეს. აღწერე შენი მოწინააღმდეგეების ძლიერი და სუსტი მხარეები და რა სტრატეგია გაქვს შემუშავებული, რაც მოგანიჭებს ბაზარზე უპირატესობას. როგორ იცავ თავს ბაზარზე შემოსული ახალი კონკურენტისგან? რა სისუსტეები აქვთ შენს კონკურენტებს, რასაც შენს სასარგებლოდ გამოიყენებ? -არგუმენტებსა და რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით ვრცალდ უნდა გასცე პასუხი ამ შეკითხვებს.

კონკურენციის ანალიზი ბიზნესგეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაწილია. ხშირად დამწყებ მეწარმეებს სჯერათ, რომ მათი პროდუქტი პირველია და არ ჰყავთ კონკურენტები. სინამდვილებში, ყველა ბიზნესზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით გავლენას ახდენს კონკურენცია. შენმა გეგმამ უნდა აჩვენოს, რომ კარგად გაქვს შესწავლილი ბიზნესის კონკურენტული გარემო და მზად ხარ ყოველგვარი თავდასხმის მოსაგერიებლად.

დიზაინი და განვითარების გეგმა:

ეს სექცია აღწერს პროდუქტის დიზაინსა და მისი განვითარების შესაძლებლობებს წარმოების, მარკეტინგისა და თვით კომპანიის თვალსაზრისით. თუ გაქვს იდეა, მაგრამ ჯერ არ გაგიუმჯობესებია პროდუქტი და სამომავლოდ გეგმავ მის დახვეწას, ან გაქვს კომპანია და გსურს ახალი პროდუქტის გამოშვება, ბიზნესგეგმის ამ ნაწილში დაწვრილებით უნდა აღწერო ეს ყველაფერი.

სამუშაო და მართვის გეგმა: აქ აღწერ შენი ბიზნესის საქმიანობის ყველა დეტალს - როგორია მუშაობის ყოველდღიური გეგმა და ბიზნესის სისტემა. ასევე ჩამოაყალიბე თანამშრომლების უფლება-მოვალეობები და დავალებები, საჭირო კვალიფიკაციები, კომპანიის სტრუქტურა და თითოეული დანაყოფის ფუნქციები. თუ ისეთი ბიზნესისთვის ადგენ გეგმას, რომელსაც უკვე უძღვები ან გაქვს მსგავსი ტიპის ბიზნესში სამუშაო გამოცდილება, ამ პუნქტის ჩამოყალიბება ძალზე გაგიადვილდება და სასურველია, რაც შეიძლება მეტად დააკონკრეტო ეს პუნქტი. მაგრამ თუ გეგმას ახალი ბიზნესკონცეფციის მიხედვით ადგენ, შეეცადე, კარგად ჩამოაყალიბო სამომავლო სამუშაო გეგმა და თანამშრომელთა მოვალეობები. შემდგომ, მუშაობის პერიოდში მუდამ შეიტანე შესწორებები ამ პუნქტში და გამოცდილების საფუძველზე დახვეწე სამუშაო და მართვის გეგმა.

ფინანსური საკითხები:

ფინანსური მიმოხილვა ბიზნესგეგმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ბევრი დამწყები მეწარმე იმასაც ამბობს, რომ ყველაზე მეტად ამ პუნქტის ჩამოყალიბება უჭირს. მით უმეტეს, თუ ბიზნესი ჯერ არ დაგიწყია, ძნელია ზოგადი მონაცემების საფუძველზე ჩამოაყალიბო ისეთი ბუღალტრული დოკუმენტები, როგორიცაა ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, შემოსავლის ორდერი და ა.შ. მნიშვნელოვანია,რომ ეს დოკუმენტები ბუღალტრული წესის დაცვით შედგეს. თუ ბუღალტერიაში მაინც და მაინც კარგად ვერ ერკვევი, გირჩევთ ამ პუნქტის ჩამოყალიბებისას დაიხმარო გამოცდილი ბუღალტერი. შენს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე ის შექმნის კომპანიის ფინანსურ სურათს - თანამდეროვე ბუღალტრული ფორმატით ჩამოაყალიბებს ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობას.