მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.3 მილიონი ტონით შემცირდა.
კერძოდ, 2018 წლის იანვარ-თებერვალში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 5.5 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის მონაცემით, 5.8 მილიონი ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 1.3 მილიონი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 52.4 მილიონი მგზავრის გადაყვანა მოხდა. 2017 წლის იანვარ-თებერვალში კი ეს ციფრი 51.1 მილიონი იყო.
2018 წლის იანვარ-თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 2.8 მილიონი ტონიდან 2.6 მილიონ ტონამდე შემცირდა.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 1 122 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 65,646 კონტეინერი, 2017 წლის ამავე პერიოდში კი 64,524 კონტეინერი გადამუშავდა.