დარიალის ხეობაში სამუშაოების ჩასატარებლად მორიგი გეგმა დაისახა

დარიალის ხეობაში გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად მორიგი გეგმა დაისახა.

როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნულის თაობაზე დღეს დილით საგანგებო შტაბში თათბირი ჩატარდა.

"17 მაისიდან, უშუალოდ გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი და მისი მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე. ამ ეტაპზე, დარიალჰესთან მდებარე გვირაბში მეწყერის შედეგად დაგუბებული წყალი დამშრალია, წყლის ნაკადი ხელოვნური არხის საშუალებით ბუნებრივ კალაპოტში ჩაედინება, რაც სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოების უფრო ეფექტურად ჩატარების საშუალებას იძლევა", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, დარიალის ხეობაში, საავტომობილო გზის გაწმენდა სხვადასხვა მხრიდან მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს 25 ერთეული და დამატებით მობილიზებულია სხვა მძიმე სახის ტექნიკა.

"სტიქიის ზონაში შესაბამისი გაწმენდითი სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და დეპარტამენტის წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ ლარსის მიმართულებით მოძრაობის უმოკლეს ვადებში გახსნას", - განმარტავენ უწყებაში.