გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური ამოქმედდა.
მობილური სადგურის საშუალებით ჰაერის ხარისხის განსაზღვრა დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში გახდა შესაძლებელი.
მობილურმა სადგურმა უკვე განსაზღვრა ჰაერის მაჩვენებელი “ევროპის მოედანზე” და “ვარდების მოედანზე”, სადაც დადგინდა, რომ ჰაერის მაჩვენებელი ნორმაშია.
მობილური სადგურის მუშაობა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად გააცნო.
მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის 8 დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები განისაზღვრა. მიღებული შედეგების შეფასება საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. ახალი მობილური სადგურით შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში ჰაერის დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა და დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დადგენა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიზნით, ახალი თანამედროვე სტაციონარული ავტომატური სადგურების დამონტაჟებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს. სადგურები უკვე დამონტაჟდა თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. ხოლო მიმდინარე წელს ავტომატური სადგური რუსთავშიც დამონტაჟდება.
რაც შეეხება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილურ სადგურს, მომავალი კვირიდან რეგიონებს მოიცავს და პირველი ქალაქები თელავი და გორი იქნება.