საავტომობილო მსოფლიო მოუთმენლად ელის „როლს-როისის“ პირველ უგზოობის ავტომობილს Cullinan-ს, რომელიც ამ ტიპის ყველაზე მდიდრული და ძვირადღირებული სერიული ავტომობილი უნდა გამხდარიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაზე ძვირადღირებული არ იქნება.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩინეთში უკვე გამოუშვეს უგზოობის მოდელი, რომელიც 2 მილიონი დოლარი ღირს. ავტომობილის მწარმოებელი კომპანია IAT, მის ავტომობილს კი Karlmann King ჰქვია. ორი მილიონი მისი საბაზო ფასია. თუმცა ოპციების სიის სრულად გამოყენების შემთხვევაში, ის 3.8 მილიონ დოლარამდეც კი გაიზრდება. ამ ოპციების სიაში, ძარის შეჯავშნაც შედის.
„კინგი“ გარეგნულად სტელსის ტიპის თვითმფრინავს გაგახსენებთ. მისი ძარის ფორმა, ქაოსურად განლაგებული ცალკეული სიბრტყეების ერთობლიობას წარმოადგენს და საერთო ჯამში, საკმაოდ უხეშად გამოიყურება.
ავტომობილი მძიმე პიკაპ „ფორდ F-550-ის“ პლატფორმაზეა ბაზირებული. აღჭურვილია „ფორდისვე“ წარმოების 6.8-ლიტრიანი V10 ძრავით, რომელიც მოდიფიცირების შემდეგ, დაახლოებით 400 ცხენის ძალას ავითარებს. ეს კი მხოლოდ იმისთვის არის საკმარისი, რომ მაქსიმალური სიჩქარე 140 კმ/სთ იყოს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ავტომობილი, რომელიც სიგანეში 2.5 მეტრს აღწევს, 6 ტონას იწონის და საშინელი აეროდინამიკა აქვს, უფრო მეტს ვერაფრით შეძლებს.
ყველაზე შთამბეჭდავი, „კინგის“ ინტერიერია, რომელიც მართლა მეფურად არის გაწყობილი. სალონში ნახავთ დიდეკრანიან ტელევიზორს, მაცივარს, გასართობ ცენტრს და ბევრ რამეს, რაც კომფორტისთვისაა.
მყიდველს ასევე შესთავაზებენ ამ ავტომობილის ექვსკარიან ვერსიას, რომლის სალონშიც ექვსი სავარძელი განლაგდება. IAT-ს მხოლოდ ცხრა ცალი „კინგის“ დამზადება აქვს დაგეგმილი.
იხილეთ ფოტოები