თბილისის მერია, ავტოფარეხების ადგილზე რეკრეაციული სივრცის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა მივმართო გამგებლებს და გთხოვოთ, რომ დავიწყოთ მუშაობა ერთ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხზე. თბილისის ყველა რაიონში, უბანში, არსებობს ავტოფარეხები, რომელთა ადგილზეც მგონია რომ საინტერესო პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი. ამიტომ მინდა გთხოვოთ დაიწყოთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და თუ მათი სურვილი იქნება ამ ავტოფარეხების ადგილას, ბაღები, სკვერები, სპორტული მოედნები ავაშენოთ, რის ყველა ხარჯსაც თბილისის მერია აიღებს საკუთარ თავზე. ვფიქრობ, თუ მოსახლეობასთან სწორ კომუნიკაციას მოვახერხებთ, ეს ძალიან წარმატებული პროექტი იქნება. თუ კონკრეტულ უბნებში ამ სიმახინჯეების ადგილზე, რომლებიც მეტწილად უფუნქციო და ბევრ შემთხვევაში არაკანონიერიცაა, რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, ქალაქში მეტი გამწვანებული ტერიტორია შეიქმნება,“-განაცხადა კალაძემ.