გაუარესებული ეკონომიკური გარემოთი დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ვერ უშველის “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული საგადასახადო ცვლილება , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტში მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების საკუთარი ვერსია წარადგინა.
ჭიაბერაშვილის თქმით, აუცილებელია დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა 100 000 - ლარიანი ზღვრიდან 200 000 ლარამდე გაიზარდოს, რაც მისი აზრით მცირე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობას რომ მცირე ბიზნესისთვის რეალური შეღავათის მიცემა უნდოდეს, მაშინ მიკრო ბიზნესისთვის არსებულ შეღავათს - არ დაიბეგროს საერთოდ - გაავრცელებდა მცირე ბიზნესზე, როგორც ეს “ევროპული საქართველოს” საკანონმდებლო ინიციატივაშია.
“იმ 1%-ის დატოვებით და არა განულებით, როგორც ამას ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს, კვირიკაშვილი საგადასახადო ინსპექციას ისევ უტოვებს მცირე ბიზნესის შემოწმების ბერკეტს. ამ 1%-ით იმდენად მცირე თანხა შევა ბიუჯეტში, რომ მას ფისკალური ეფექტი არც აქვს. უბრალოდ, კვირიკაშვილს უნდა, მთავრობას დარჩეს ბიზნესზე კონტროლის ეს ზედმეტი მექანიზმი,” - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
პარტია “ევროპული საქართველოს” ცნობით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული.