საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, თუმცა მათი უმეტესობა დაბალბიუჯეტიანია.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა განაცხადა, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ძირითადად აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოდიან.
მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები მაღალბიუჯეტიანებს კვლავ სჭარბობენ, როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში.
„დაბალბიუჯეტიანი ტურისტები კვლავ სჭარბობენ მაღალბიუჯეტიან ტურისტებს. ეს ფაქტი დგინდება იმის მიხედვით, თუ რა სტანდარტის ინფრასტრუქტურა, როგორი ხარისხის ტრანსპორტი, ავტო და რკინიგზის სადგურები გვაქვს ქვეყანაში. ასევე, ვინ და როგორ ბინებს ქირაობს. არც ეს არის პრობლემა, თუ გადასახადებს გადაიხდიან. რეგიონებში საკმაოდ დაბალი ხარისხის სასტუმროებია დატვირთული, რადგან გარკვეული კატეგორიის ტურისტებისთვის ხარისხი და ფასი სავსებით მისაღებია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ დაბალბიუჯეტიანი ტურისტები მრავლად არიან“, - აღნიშნავს თაბაგარი.
მისი თქმით, შედარებით მაღალბიუჯეტიანი ტურისტები მაღალი ხარისხითა და სწორი მარკეტინგით უნდა მოვიზიდოთ.
„მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვა აუცილებელია, რომ საქართველო არ დაზარალდეს „მას-ტურიზმისგან“, რასაც დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ვერ ავცდებით. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ქვეყნის სტრატეგია“, - განმარტავს თაბაგარი.
მისივე თქმით, ქვეყანას ტურიზმის მიმართულებით მოკლევადიანი პროექტების გათვლები და ბევრი მცდარი მიდგომა აქვს. სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის არ ხდება შეთანხმება დაგეგმვაზე: „დიდი ჰესების პროექტები თუ ტურიზმი რეგიონებში, უაზრო გზები მთის რეგიონებში თუ ეკო-ტურიზმი. წინდაუხედავი პროექტები და ქმედებები საგრძნობლად შეცვლიან საქართველოს გარემოს უარესობისკენ“.
„დადებითია, რომ ტურიზმის ნაკადი საკმაოდ მზარდია, მაგრამ მთავარი შეკითხვაა, ქვეყანა რა მიმართულებით განვითარდება. ახლა რაც ხდება ქვეყანაში, ამის მიხედვით 5 წლის შემდეგ, საქართველო გახდება სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომების ინსპირაციის წყარო შემდეგ თემაზე - „როგორ არ უნდა ვითარდებოდეს ტურიზმი და რა ზიანი მოაქვს გარემოსა და მოსახლეობისთვის მასიურ ტურიზმს“, - აცხადებს თაბაგარი.
მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეები არ უფრთხილდებიან ბუნებას და კულტურას, ამას კარგად ხედავენ ტურისტებიც.
„გერგეტის სამებაში იატაკის რეკონსტრუქცია იატაკის ქვეშ გათბობის დასამონტაჟებლად ისე დაიწყო, რომ ნებართვა არ მიუღიათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან; ალავერდის მონასტრის ეზოში ახალი შენობა ააშენეს; უშგულის ლამარიას აივანი მიაშენეს; ლატალის ეკლესიაში "ევრო-რემონტი" გაკეთდა, ნარიყალასთანაც რაღაც შენდება, ვანის ქვაბებში შუა საუკუნეების ქვევრებზე ტურისტები დარბიან, ჩანგრეულია დიდი ნაწილი. ვარძიის ხანძრის შესახებ ყველამ ვიცით, ხანძრების პრევენციისთვის არაფერი კეთდება. ყოველ დღე გვესმის ძეგლების დაზიანების, ნგრევის, "რემონტის" შესახებ. ისე წაიშლება ისტორია, რომ 10 წლის შემდეგ ალბათ, სათქმელიც აღარ დარჩება არაფერი.
ეს ყოველივე ახლა უფრო თვალშისაცემი გახდა, რადგან ტურისტების რიცხვი გაიზარდა, ამ ზრდას დანაგვიანებაც მოჰყვა. ტურისტულ ადგილებს მეტი მოვლა-პატრონობა სჭირდება, როგორც მოსახლეობის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან“, - აღნიშნავს ია თაბაგარი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 1,463,561 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +15.5%-ია.
ამასთან, მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 659,338 შეადგინა, (ზრდა +28.2%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-3.9%), სომხეთიდან (+15.8%), თურქეთიდან (+21.8%), რუსეთიდან (+25.5%) და ირანიდან (+63.9%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარი-მარტის თვეში გამოირჩნენ: ესპანეთი +79%, გაერთიანებული სამეფო +53%, ნიდერლანდები +46%, გერმანია +27%, საფრანგეთი +24% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +127%, საუდის არაბეთი + 82%, ისრაელი +77%, ირანი +64%, ჩინეთი +56% და სხვა.
თეონა კენჭიაშვილი