კომპანია Skinest Group-ი საქართველოში ინვესტიციის გაზრდას გეგმავს

ესტონური კომპანია Skinest Group-ი საქართველოში ინვესტიციის გაზრდას გეგმავს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანიის დამფუძნებლის, ოლეგ ოსინოვსკის გუშინდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, Skinest Group-ის ერთ-ერთი კომპანია AS Skinest Hydro აჭარის რეგიონში, კინტრიშში 100 მეგავატი სრული დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს აშენებს. პროექტში კომპანია 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ბიზნესმა თავი დაცულად იგრძნოს.

მხარეებმა შეხვედრისას საქართველო-ესტონეთის მეგობრულ ურთიერთობებსა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.