აგარის ქარხანაში დასაქმებულები 1-ელი მაისიდან ხელფასს მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ამის შესახებ აგარის ქარხნის ხელმძღვანელების, პროფკავშირების და ბიზნეს ომბუდსმენის შეხვედრის დასრულების შემდეგ გადაწყდა.
„აგარის ქარხანაში დასაქმებულები 1-ელი მაისიდან ხელფასს მიიღებენ. რამდენიმე წუთის წინ აგარის ქარხნის ხელმძღვანელების, პროფკავშირების და ბიზნეს ომბუდსმენის შეხვედრა დასრულდა. შეთანხმების თანახმად - 1-ელი მაისიდან ქარხანაში სარემონტო სამუშაოები დაიწყება, ისინი ვინც აღნიშნულ საქმეზე დაკავდებიან, ხელფასს სრული ოდენობით მიიღებენ, სხვები კი ქარხნის სრულ დატვირთვამდე, რასაც შესაძლოა ერთი თვე დასჭირდეს, ავანსის სახით ნახევარი თვის კომპენსაციას.
გეგმა მოქმედებს 31 დეკემბრამდე, წლის ბოლომდე ქარხნის მეპატრონემ უნდა დადოს საწარმოს დატვირთვის და შეუჩერებლად მუშაობის გრძელვადიანი პროექტი“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
”აგარის შაქრის” ქარხნის თანამშრომლები რამდენიმე თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. აქციის მონაწილეები ქარხნის მუშაობის შეფერხებას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ქარხანა სამუშაოებს წლის განმავლობაში რამდენჯერმე აჩერებს, რაც სოფელ აგარის მოსახლეობის სოციალური ფონის გაუარესებას იწვევს.