26 აპრილიდან 15 ივნისამდე კომპანია „სპექტრუმის“ ინტერვიუერები მგზავრთნაკადების შესწავლის მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გამოკითხვას ჩაატარებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მგზავრთნაკადების შესწავლის შედეგად განისაზღრება დღის განმავლობაში მოქალაქეთა ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მარშრუტები, მანძილები, ინტენსივობა და მოთხოვნები. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული მარშრუტები შემუშავდება.
მერიის ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თითოეული მარშრუტი რუკების, მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობების, გაჩერებების განრიგების, გადაჯდომის არეალების, ფეხით სავალი მანძილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით დამუშავდება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის რესტრუქტურიზაციის გეგმის შედგენაზე ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია „სისტრა“ და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია „სპექტრუმი“ იმუშავებენ. კვლევასა და მასზე დაფუძნებულ გეგმას კომპანია „სისტრა“ მიმდინარე წლის აპრილის თვეში თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მოამზადებს.
„კვლევა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან (2030 წლამდე) პერიოდში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებს მოიცავს. გარდა ამისა, თბილისის მერია ფრანგული კომპანიისგან მიიღებს სპეციალიზებულ პროგრამას, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შედგენისას გამოიყენება. კვლევა 15 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის საერთო ღირებულება 790 ათას ევროს შეადგენს, საიდანაც 490 ათასი EBRD-ის გრანტია, ხოლო 300 ათასი - მერიის დაფინანსება,“ - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.