ამერიკული სამრეწველო კონგლომერატი „ჯენერალ ელექტრიკი“ (GE) მალე ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში, მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძლავრი ქარის ტურბინის ტესტირებას შეუდგება.
ამერიკული კომპანიის შტო „GE რენიუეიბლ ენერჯიმ“ და ბრიტანეთის მთავრობის ფონდმა „ოფშორ რენიუეიბლ ენერჯი კატაპულტმა“ გააფორმეს ხუთწლიანი ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, ისინი ქალაქ ბლითის (ნორთამბერლენდი) მახლობლად, GE-ს წარმოების ქარის ტურბინა „ჰელიედ-X-ის“ ერთობლივ ექსპლუატაციას შეუდგებიან. ტურბინის სიმძლავრე 12 მეგავატია.
ბრიტანეთი ოფშორულ ზონაში ქარის ენერგიის ათვისების სფეროში, მსოფლიო ლიდერობას გეგმავს. ამჟამად მის მიერ ქარისგან მოპოვებული ენერგიის მოცულობა 30 გიგავატს შეადგენს. გეგმის შესაბამისად, 2030 წლისთვის ეს მოცულობა ხუთჯერ უნდა გაიზარდოს.
ამჟამად ყველაზე მძლავრ ტურბინებს კომპანია „ვესტასი“ აწარმოებს, რომლის გიგანტური ოფშორული ტურბინებიც 9 მეგავატს გამოიმუშავებს. ასეთი ტურბინები აბერდინის (შოტლანდია) მახლობლად, ვატენფალის ქარის სადგურში მუშაობს.
მწარმოებლები ქარის ტურბინების სიმძლავრის გაზრდას ცდილობენ, რათა ყოველი ერთეული დანადგარიდან მეტი ენერგიის გამომუშავება მოხერხდეს, რაც შედარებით იაფი ჯდება.
ამავე ხელშეკრულებას ხელს აწერენ ევროპის რეგიონული განვითარების ფონდი და ბრიტანეთის გაერთიანება „ინოვეიტ“, რომლებიც 6 მილიონ გირვანქა სტერლინგს გაიღებენ იმისათვის, რომ „კატაპულტის“ ბლითის ცენტრში, მსოფლიოში დენის გარდამქმნელი უმძლავრესი დანადგარი აამოქმედონ.