საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „საუდი არამკოს“ ნავთობით ვაჭრობის მოცულობის გაზრდა აქვს გადაწყვეტილი.
კომპანიის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, 2020 წლისთვის სავაჭრო გარიგებათა დღიური მოცულობა 6 მილიონ ბარელს მიაღწევს. ამის თაობაზე, როიტერსს „არამკო ტრეიდინგის“ შეფმა იბრაჰიმ ალ-მუაინაინმა განუცხადა.
OPEC-ის ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის შეთანხმების მიუხედავად, „არამკო ტრეიდინგი“ სულ უფრო აფართოებს თავის საქმიანობას. უახლოეს მომავალში კომპანია თავისი სინგაპურის ოფისის მეშვეობით, აზიაში ნავთობით ვაჭრობის ოპერაციებს დაიწყებს. მომავალი წლის დასაწყისში კი ახალი ოფისი ევროპაშიც ამოქმედდება.
„არამკო ტრეიდინგი“ 2012 წელს ჩამოყალიბდა და თავიდანვე მისი დანიშნულება ნავთობ და ნავთობქიმიური მრეწველობის პროდუქტებით ვაჭრობა იყო. დასაწყისში, ის „არამკოს“ მიერ მოპოვებული ნავთობით მუშაობდა, შემდეგ კი თანამშრომლობა სხვა მომპოვებელ კომპანიებთანაც დაიწყო. ამ შემთხვევაში, მისი ძირითადი ინტერესი „არამკოს“ საზღვარგარეთ გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებაა.
„სამხრეთ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აზიაში ნავთობით ვაჭრობის დაწყებას სინგაპურში, მესამე კვარტალში ვაპირებთ. ამჟამად ბაზრის შესაძლებლობებს და პერსპექტივებს ვაფასებთ. ჩვენი მიზანი 2020 წლისთვის სავაჭრო გარიგებათა დღიური მოცულობის 6 მილიონ ბარელამდე გაზრდაა“, - ამბობს ალ-მუაინაინ.
მისივე თქმით, „არამკო ტრეიდინგს“ ევროპული ოფისისთვის ადგილი ჯერ არ შეურჩევია. განიხილება ლონდონის და ჟენევის ვარიანტები. და ამ ეტაპზე, არაბულ კომპანიას შეერთებულ შტატებში ოფისის გახსნასთან დაკავშრებით გეგმები არ აქვს.