თბილისში მშენებლობისა და ინტერიერის მე-19 საერთაშორისო გამოფენა იმართება

19 წლიან ისტორიაში წლევანდელი სამშენებლო გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე დიდია.

გამოფენების ცენტრი ”ექსპო ჯორჯია” და გერმანიის ეკონომიური გაერთიანება 21-დან 24 მაისის ჩათვლით მშენებლობისა და ინტერიერის მე-19 საერთაშორისო გამოფენა ”კაუკასუს ბილდს” მასპინძლობს.

19 წლიან ისტორიაში წლევანდელი სამშენებლო გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე დიდია. მასში 180-მდე ქართული და უცხოური კომპანია იღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია უცხოური კომპანიების სიმრავლე, რომლებიც საქართველოს ბაზარზე საკუთარ პროდუქციას პირველად წარმოადგენენ - აშშ, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აზერბაიჯანი, გერმანია, იტალია, ჩინეთი, ავსტრია, თურქეთი და მრავალი სხვა.

ქართველ დამთვალიერებლებთან ერთად გამოფენაზე უამრავი უცხოელი იყრის თავს, რათა გაეცნონ ადგილობრივ ბაზარს, მოთხოვნასა და მიწოდებას, დაამყარონ კონტაქტი შესაძლო ბიზნეს-პარტნიორებთან.

გამოფენაზე მისვლის მსურველებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ საქართველოში არსებული მშენებლობისა და ინტერიერის დიზაინის მრავალფეროვან ნაწარმს: სამშენებლო მასალები, მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა, არქიტექტურა და პროექტირება, ელექტრონული და მექანიკური სისტემები, დეკორი და ინტერიერი, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, მებაღეობა და ლანდშაფტის დიზაინი.

გამოფენის მიზანია ახალ კომპანიებს საშუალება მისცეს, შეისწავლონ ადგილობრივი ბაზარი, ხოლო არსებულმა კომპანიებმა გაიმყარონ იმიჯი და პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობა დაამყარონ.

სალომე შიხაშვილი

იხილეთ ფოტოგალერეა