„სებ-ის ახალი რეგულაციების შემდეგ შესაძლოა, ბევრი რამ ჩრდილოვან სექტორში გადავიდეს, ეს საფრთხე არსებობს“

„წინააღნდეგი არ ვართ ამ რეგულაციების, მაგრამ პრობლემა იყო ის, ყველაფერი ფორსირებულად მოხდა“, - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის წევრმა ლაშა პაპაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

შეხვედრაზე მხარეები საპენსიო, კაპიტალის ბაზრის რეფორმებსა და ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებს განიხილავენ. პაპაშვილის თქმით, საკითხი არ იყო საკმარისად განხილული საფინანსო ინსტიტუტებთან.

„როგორც მსხვილ ბანკებთან ისე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან არ იყო საკმარისად განხილული რეგულაციების საკითხი“,- განაცხადა პაპაშვილმა.

მისი თქმით, რეგულაციებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ მსხვილ რითეილერებსაც და დიდ სავაჭრო ცენტრებსაც, რადგან ამ რეგულაციების გამო ძალიან შემცირდება სესხების გაცემა.

„მართალია ძალიან მაღალია სესხების გაცემა, მაგრამ ეს მსოფლიო პრაქტიკაა და ამ რეგულაციებით ამ საკითხს ვერ შევცვლით. „სებ-ის ახალი რეგულაციების შემდეგ შესაძლოა, ბევრი რამ ჩრდილოვან სექტორში გადავიდეს, ეს საფრთხე არსებობს“, - აღნიშნა პაპაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციებით, მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა იზღუდება. ამასთან, სებ-ი მუშაობს დოკუმენტზე, რომლითაც, სესხის გაცემისას შემოსავლების შემოწმება სავალდებულო გახდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ჭარბვალიანობა სახელდება.