"ექსპო-ჯორჯიას" საგამოფენო ცენტრში საქართველოში კომპიუტერული გრაფიკის პირველი ფესტივალი - CG Fest Tbilisi 2014 გაიხსნა.
ღონისძიება ორდღიანია და ხვალ დასრულდება.
ფესტივალი ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ასოციაციის CG Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.
ასოციაცია CG Georgia-ს თავმჯდომარის, ნიკოლოზ გოგოჭურის განცხადებით, ფესტივალის მიზანია საქართველოში კომპიუტერული გრაფიკის სფეროში არსებული ვითარების დემონსტრირება, სფეროს მნიშვნელობის ხაზგასმა, ასევე გრაფიკის სპეციალისტებს, დამკვეთებსა და შემსრულებლებს შორის კომუნიკაციის დამყარება.
ფესტივალის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძემ. მან გრაფიკოსებს, დამსწრე საზოგადოებას მიულოცა, რომ Fest Tbilisi 2014 2014 შედგა. მისივე თქმით, კრეატიულ ინდუსტრიებს საქართველოში დიდი პოტენციალი აქვთ.
ფესტივალის ფარგლებში "ექსპო-ჯორჯიას" საკონფერენციო დარბაზში ვრცელი თემატური კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის სესიები დღეს ეძღვნება განათლებას, რეკლამას, ინტერნეტ ტექნოლოგიებსა და არქიტექტურას. ამასთან, ერთ-ერთ დარბაზში ეკრანებზე გამოიფინება საქართველოში დამზადებული კომპიუტერული გრაფიკის ნიმუშები.
ხვალ, ფესტივალის მეორე დღეს გაიმართება კონფერენცია თემებზე: გრაფიკული დიზაინი, ტელევიზია, ანიმაცია და ვიზუალური ეფექტები, ტექნოლოგიები, კომპიუტერული თამაშების წარმოება. ამასთან, ფესტივალის ორგანიზატორებმა ერთი კვირის წინ ორგანზომილებიანი და სამგანომილებიანი გრაფიკის კონკურსები გამოაცხადეს, რომელში მონაწილეობა 70-მა ადამიანმა მიიღო. აღნიშნულ კონკურსებში გამარჯვებული პირები ხვალ გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან.
Fest Tbilisi 2014-ის ერთ-ერთი მედიაპარტნიორია "პალიტრა მედია".