„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მედიისა და სოციალურ თემებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ანაკლიაში ინფო ტური მოაწყო.
ინფო ტურში მონაწილეობა 15 სამოქალაქო სექტორის ლიდერმა და 10 მედია საშუალების ჟურნალისტმა მიიღო. ისინი ადგილზე ანაკლიას საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის -„აფხაზეთის” ინიციატივით ჩავიდნენ.
სტუმრები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე ტერიტორიას ეწვივნენ და მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა ინფო ტურის მონაწილეებისთვის პროექტის პრეზენტაცია მოაწყვეს და ორგანიზაციის მიზნებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, ანაკლიაში პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. მშენებლობის გარდა მიმდინარეობს ახალი ქალაქის „ანაკლია სითის“ განვითარების პროცესი, რომელიც მომავალში როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის ცენტრად იქცევა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება როგორც რეგიონის, ასევე კონკრეტულად ანაკლიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაა. მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, მათი გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ამ პროცესების უკეთ წარმართვას. ამჟამად მიმდინარეობს კონკრეტულად ანაკლიის თემის განვითარების გეგმაზე მუშაობა და ეს პროცესი ანაკლიის მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას გულისხმობს”, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა თამარ ზაქარიაძემ.