რა შემთხვევაში ვეღარ აიღებენ სესხს - ხელოსნები, ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები და ძიძები

2018 წლის 7 მაისიდან, კომერციულ ბანკებს სესხის გაცემა მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე შეეზღუდება.

ეროვნული ბანკის სამუშაო დოკუმენტის თანახმად, ფიზიკურ პირებთან მიმართებაში გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზის პრინციპები უკვე გაწერილია. გარდა ამისა, თუ რა ოდენობის სესხის მიღებას შეძლებენ თვითდასაქმებულები, პირები, რომელთა შემოსავლებიც მესამე დამოუკიდებელი მხარეებისაგან მიღებული დოკუმენტებით არ დასტურდება.

დოკუმენტში განსაზღვრულია, თუ რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ თვითდასაქმებულებს, კერძოდ, ტაქსის მძღოლებს, ძიძებს, რეპეტიტორებს და ხელოსნებს იმისათვის, რომ ბანკმა სესხი მისცეთ.

კერძოდ, სამუშაო დოკუმენტის თანახმად, ტაქსის მძღოლების შემთხვევაში მძღოლი და მანქანა რეგისტრირებული/ლიცენზირებული უნდა იყვნენ; ამასთან, ავტომობილი მძღოლის სახელზე მინიმუმ ბოლო 6 თვის მანძილზე უნდა იყოს რეგისტრირებული; სესხის გაცემისას გათვალისწინებული უნდა იყოს მანქანის ასაკი და ფიზიკური მდგომარეობა - რამდენად შეესაბამება მანქანის მდგომარეობა სარეგისტრაციო, სალიცენზიო მოთხოვნებს, როგორც მიმდინარე ეტაპზე ასევე სესხის ვადის განმავლობაში; მძღოლი სხვადასხვა მარშუტებზე ტარიფების კუთხით უნდა იქნას გადამოწმებული - ტარიფები არსებულ საშუალო მაჩვენებლებს უნდა შედარდეს. გარდა ამისა, გამოკითხულ უნდა იქნას მსესხებლის ოჯახური მდგომარეობა და სხვა რელევანტური საკითხები.

რეპეტიტორი - კერძო პრაქტიკით დაკავებული მასწავლებლები - აღნიშნული საქმიანობით დაკავებულ პირებზე, სესხის გასაცემად საჭირო იქნება რეპეტიტორის ადგილზე ინსპექტირება - რა დროსაც, ყურადღება სამუშაო გარემოზე, კერძოდ, იმაზე უნდა გამახვილდეს რამდენად შეესაბამება იგი რეალობას. გარდა ამისა, დეტალურად უნდა გაანალიზდეს რეპეტიტორის ის ჩანაწერები, სადაც მოსწავლეების/ სტუდენტების სია, მათი მოძრაობის განრიგი, ტარიფები და სხვა რელევანტური მახასიათებლებია მოცემული. ტარიფები შესაბამისი დისციპლინის სწავლების საშუალო მაჩვენებლებს უნდა შედარდეს. ამასთან, რამდენიმე მოსწავლის/სტუდენტის მშობელთან უნდა გადამოწმდეს. ამასთან, საქმეს რეპეტიტორის ჩანაწერები, ობიექტის, მანქანისა და ტექპასპორტის სურათები უნდა დაერთოს.

ძიძა - ამ შემთხვევაშიც სესხის გასაცემად საჭირო იქნება, რომ ძიძის სამუშაო ადგილზე ინსპექტირება განხორციელდეს, გარდა ამისა, აუცილებელი იქნება ძიძის დამსაქმებლის გამოკითხვა, მათ შორის ანაზღაურების თაობაზე.

პროფილაქტიკის ხელოსნები

- სესხის მიღებას შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილზე მათი ინსპექტირება განხორციელდება და ყურადღება გამახვილდება, სამუშაო გარემოზე, კერძოდ მის რეალობასთან შესაბამისობაზე. ამასთან, ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება ხელოსანი სხვადასხვა სერვისზე ტარიფების კუთხით გადამოწმება და ტარიფების არსებულ საშუალო მაჩვენებლებთან შედარება. გარდა ამისა, სესხის გაცემის გადაწყვეტილების მიღებამდე - უნდა გამოიკითხოს ობიექტის მეპატრონე /დირექტორი მათ შორის ხელოსნის ანაზღაურების თაობაზე. საქმეს უნდა დაერთოს ხელოსნის ჩანაწერები (არსებობის შემთმხვევაში) და ობიექტის სურათები.

რაც შეეხება დალაქს/სალონის ხელოსანს, ამ საქმიანობით დაკავებულ პირებზე სესხის გაცემამდე საჭირო იქნება, მათი სამუშაო ადგილზე ინსპექტირება, რა დროსაც სამუშაო გარემოს რეალობასთან შესაბამისობაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება; გარდა ამისა, დალაქი უნდა გადამოწმდეს სხვადასხვა სერვისზე ტარიფების კუთხით და ტარიფები არსებულ საშუალო მაჩვენებლებს უნდა შედარდეს; ამასთან, უნდა გამოიკითხოს ობიექტის მეპატრონე/დირექტორი (მათ შორის დალაქის ანაზღაურების თაობაზე). ასევე მოთხოვნებს შორისაა, რომ საქმეს დალაქის ჩანაწერები (არსებობის შემთმხვევაში) და ობიექტის სურათები დაერთოს.

ხოლო იმ პირების შემთხვევაში, რომლებზეც სესხი გზავნილების მიხედვით გაიცემა, სებ-ის სამუშაო დოკუმენტის თანახმად, გზავნილები შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას მხოლოდ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხებისთვის. ამ შემთხვევაშიც საჭირო იქნება, რომ გზავნილები ბოლო 6 თვის მანძილზე სტაბილურად ირიცხებოდეს. ამასთან, მოთხოვნების თანახმად, გზავნილები უნდა ირიცხებოდეს /იგზავნებოდეს მსესხებლის სახელზე; გზავნილის გამომგზავნი და მიმღები ოჯახის წევრები უნდა იყვნენ და მათ შორის არსებული კავშირი უნდა გადამოწმდეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თითოეულ შემთხვევაში სამუშაო დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ სესხის მომსახურეობის PTI კოეფიციენტი (სესხზე გადასახადისა და შემოსავლის ფარდობა) სებ-ის მიერ დადგენილ ნორმებს შეესაბამებოდეს.