საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ორდღიანი სამეწარმეომარკეტი იმართება, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია.
გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - სუვენირები, სამოსები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და სხვა. ამასთანავე, ღონისძიებაზე მოწყობილია სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.
ღონისძიება, რომელიც უკვე მესამედ ტარდება, თანამედროვე თემატიკით, სადღესასწაულო ფორმატში, მუსიკალური გაფორმებით, სასიამოვნო დიზაინით, განათებით და ბავშვებისთვის დამატებითი შემოქმედებითი გასართობი სივრცეებით იმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილნი არიან, როგორც ხელნაკეთი ნივთების სფეროში მოღვაწე, ასევე საკვებ-სასმელ ინდუსტრიაში მოღვაწე მეწარმეები, მათ შორის 15 წლის გიგი ანთაძე, რომელსაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბიზნესსაქმიანობისთვის ჯიხური გადასცა.
ამასთანავე, დღეს, 16:00-17:00 საათამდე სამეწარმეო მარკეტს ეწვევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ადგილზე გაეცნობა ქართველი მეწარმეების პროდუქტს.
დღეს ღონისძიება 22:00 საათამდე გაგრძელდება. ხვალ კი სამეწარმეო მარკეტი 13:00-დან 22:00 საათამდე გაიმართება.