“ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ფერმერმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარმა შპს „ალავერდმა“, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო-ხოდაშენში, 20 ჰა მიწის ფართობზე არსებული მეურნეობისთვის ახალი ტრაქტორის, გუთნის, კულტივატორის და საწამლი აპარატურის შესაძენად 115 000 ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტი აიღო. კომპანიის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მენეჯერმა ვალერი ქვაჭრელიშვილმა, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.
2018 წლის მარტში, სახელმწიფოს მიერ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ახალი ქვეკომპონენტის დამატებით, მეწარმეებსა და ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შესაძლებელობა გაუმარტივდათ. დღეისათვის უკვე გაცემულია 69 აგროკრედიტი, ჯამური თანხით 1 660 197,63 ლარი და 1 აგროლიზინგი, ჯამური თანხით 1 499 830.69 ლარი.
სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი ქვეკომპონენტი გულისხმობს შეღავათიან აგროკრედიტს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და/ან იმპლემენტის შესაძენად და შეღავათიან აგროლიზინგს - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის (ტექნიკისა ან/და იმპლემენტის დასაფინანსებლად).